ლეიბები და პლედები უნივერსიტეტის კართან - სეუ-ს სტუდენტებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს - უმაღლესი სასწავლებლის დაცვამ ახალგაზრდებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა, რის გამოც სტუდენტებმა უნივერსიტეტის კართან ლეიბები დაყარეს და ცივი ღამე შენობასთან გაათენეს.
შვილების თაობა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა რექტორთან შეხვედრასა და გია კავთელიშვილისგან უნივერსიტეტის უკანონოდ დაკავებულ სტუდენტზე, ირაკლი მიმინოშვილზე პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს, აცხადებს, რომ გუშინ დაცვის მიერ დადგმული ცირკი იხილა.
"10 დღის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. გუშინ გადაწყვიტეს, რომ სტუდენტები არ უნდა შეეშვათ" - ამბობენ ახალგაზრდები, რომელთაც რეჟიმის ტყვეების მხარდასაჭერ მარშში მონაწილეობის შემდეგ, უნივერსიტეტის კარი დახურული დახვდათ.
გუშინ საღამოს ვნახეთ დაცვის მიერ დადგმული ცირკი. გვიყურებდნენ თვალებში და ნაცარს გვაყრიდნენ. 10 დღის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. გუშინ გადაწყვიტეს, რომ სტუდენტები არ უნდა შეეშვათ. გია კავთელიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი ოთახი არ არის, ჩვენ შეგვიძლია გარეთაც გავაპროტესტოთ. მან 0 გრადუსში თავისი სტუდენტები გაყინა", - ამბობს სტუდენტი.