საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა - მედია
საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Cybernews-ი ავრცელებს და წერს, რომ გერმანულმა ღრუბლოვანმა სერვისის პროვაიდერმა (Cloud Service Priveder) საქართველოს თითქმის მთლიანი მოსახლეობის პერსონალური მონაცემები შემთხვევით ხელმისაწვდომი გახადა.
ბაზა კიბერუსაფრთხოების კონსულტირების პლატფორმა SecurityDiscovery-მა აღმოაჩინა. კომპანიის კიბერუსაფრთხოების ექსპერტის, ბობ დიაჩენკოს განცხადებით, მათ ახლახან აღმოაჩინეს პაროლით დაუცველი მონაცემთა ბაზა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობით პერსონალურ დეტალებს შეიცავდა.
ერთ-ერთი გაჟონილი ინდექსი თითქმის 5 მილიონი პიროვნების პერსონალურ მონაცემებს, ხოლო მეორე 7 მილიონზე მეტ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებულ პირად ინფორმაციას შეიცავს.
გამოცემა წერს, რომ ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა თითქმის 4 მილიონია, მონაცემები შესაძლოა შეიცავდეს დუბლიკატებს და ჩანაწერებს გარდაცვლილ ადამიანებზე.
სენსიტიური პერსონალური მონაცემები მოიცავს:
- პირადობის ნომერს;
- სრულ სახელსა და გვარს;
- დაბადების თარიღს;
- გენდერს;
- სერთიფიკატის მსგავს ნომრებს (პოტენციურად დაზღვევას);
- ტელეფონის ნომრებს - მფლობელის შესახებ აღწერილობითი ინფორმაციით.
გამოცემა წერს, რომ აღმოჩენიდან მალევე სერვერი დახურულ რეჟიმზე გადაიყვანეს და გამოქვეყნებულ მონაცემებზე საჯარო წვდომა შეიზღუდა.