სპეციალური პენიტენციური სამსახური ნიკა კაციაზე განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკა კაციას ციხეში საკვებს არ აჭმევენ, ოფიციალური განცხადებით ეხმაურება და ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ბრალდებული ნ.კ. სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ბრალდებულ ნ.კ.-ს უფლებების თითქოს შეზღუდვის შესახებ.
გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ნ.კ. სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.
შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას.
თითოეული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლების განუხრელი დაცვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი პრიორიტეტია.
მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან." - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფმა ნიკა კაციამ ომბუდსმენის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ციხეში საჭმელს არ აჭმევენ. ამის შესახებ "ნეტგაზეთს" სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს.
ნიკა კაციასთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები 24 იანვარს, მას შემდეგ შევიდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ციხეში არასათანადოდ ეპყრობოდნენ.
ცნობისთვის, ნიკა კაცია, რომელიც პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, 2024 წლის 7 დეკემბერს აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს. ამჟამად მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება.