მზია ამაღლობელი არ შიმშილობს შეღავათების მისაღებად, ესაა მისი პროტესტი უსამართლობაზე - ნონა ქურდოვანიძე
მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელი ბევრ თხოვნას იღებს შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, იმდენად დიდია უსამართლობა, რომელსაც განიცდის, რომ მას ვერ წარმოუდგენია ამასთან თანაზიარობა, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
ქურდოვანიძის თქმით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი არ შიმშილობს შეღავათების მისაღებად, ესაა მისი პროტესტი უსამართლობაზე.
მზია ამაღლობელი შიმშილობს 12 იანვარიდან. არის სრულ შიმშილობაზე.
სრული შიმშილობა ნიშნავს, რომ ის იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს.
შიმშილობა ოფიციალურად არის დადასტურებული ციხის ადმინისტრაციის მხრიდან.
შიმშილობის დაწყების შემდგომ, მოქმედებას იწყებს შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია მუდმივი ზედამხედველობა ჰქონდეს მოშიმშილის მდგომარეობაზე.
შიმშილობამ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. მზიამ იცის ჯანმრთელობის ფასი და მოსალოდნელი ზიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თხოვნას იღებს შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, იმდენად დიდია უსამართლობა, რომელსაც განიცდის, რომ მას ვერ წარმოუდგენია ამასთან თანაზიარობა.
კიდევ ერთხელ, თავს ვალდებულად ვთვლი გავიმეორეო მისი დანაბარები, რომ ის არ შიმშილობს შეღავათების მისაღებად. ესაა მისი პროტესტი უსამართლობაზე", - წერს ქურდოვანიძე.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.