მზია ამაღლობელი 16 დღეა შიმშილობს - რეჟიმის პატიმრის მეგობრები გენპროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
"ბათუმელების" მთავარი რედაქტორი, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავების მოწმე იყო, მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. ეთერ თურაძეს სურს, პირადად მიაწოდოს ინფორმაცია გიორგი გაბიტაშვილს იმის შესახებ, თუ როგორია დაკავებული ჟურნალისტის მდგომარეობა.
ცნობილია, რომ ამაღლობელი მე-16 შიმშილობს, არადა, მას არაერთი ქრონიკული დაავადება აქვს. სწორედ ამიტომ, თურაძე მიიჩნევს, რომ ახლა ყოველ დღეს და საათს მნიშვნელობა აქვს, რადგან "ბათუმელების" დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხის ქვეშაა.
მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რომელზედაც ძალიან დიდ ცუდ ზეგავლენას იქონიებს ეს შიმშილობა. რა თქმა უნდა, ვცადეთ, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ, გენერალურ პროკურატურასა ვგულისხმობ, თუმცა მათგან არანაირი უკუკავშირი, თუ არ ჩავთლით, რომ აჭარის პროკურატურიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ერთ-ერთი პროკურორი შეგვხვდებოდა, არ გვქონია. თქვენი ეთერით კვლავ დაჟინებით მოვითხოვ, რომ შემხვდეს გენერალური პროკურორი და მიიღოს ინფორმაცია, რის მიწოდებასაც ვცდილობ. მთავარი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ შეუცვალონ მას აღკვეთის ღონისძიების ფორმა პატიმრობა სხვა აღკვეთის ღონისძიებით და მათსავე სასამართლომ განიხილოს, რამდენად არის მზია დამნაშავე. მზია არ არის დამნაშავე, მითუფრო, წარმოუდგენელია იმ მულით განსჯა მზიასი, რა მუხლიც წარუდგინეს, - ამბობს თურაძე.
დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობა ჯერჯერობით სტაბილურია, თუმცა იმ ფონზე, რომ ამაღლობელი წყლის გარდა მე-16 დღეა არაფერს ღებულობს, კრიტიკული მომენტი აუცილებლად დადგება.
ინტერესების დამცველი პენიტენციურ დაწესებულებას მოუწოდებს, მზია ამაღლობელის ჯანმღთელობის მდგომარეობას უფრო აქტიური სამედიცინო მონიტორინგი გაუწიოს. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართავს.
დღეს მოვინახულებთ მზია ამაღლობელს პენიტენციურ დაწესებულებაში, ადგილზე გავეცნობით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჯერჯერობით მისი მდგომარეობა არის სტაბილური, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება ამ ფორმით, ვინაიდან მისი შიმშილობა არის უკიდურესად გამოხატული. ის არ იღებს საკვებს, არანაირ დანამატებს, არის მხოლოდ წყალზე და დღევანდელი დღიდან, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნება კრიტიკული მომენტი, ვინაიდან სამედიცნო თვალსაზრისით ორგანიზმი და ადამიანის ჯანმრთელობა ამ კუთხით ვერ გასტანს სტაბილურად დიდხანს და შესაბამისად, ვაპირებთ, მივმართოთ პენიტენციურ დაწესებულებას სამედიცინო მონიტორინგის უფრო აქტიურად განხორციელების თაობაზე და ასევე ვაპირებთ, მივმართოთ სახალხო დამცველს, - ამბობს ადვოკატი.
აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელი ამ დრომდე ციხის საკანშ იმყოფება და ის სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაუყვანიათ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ციხის ადმინისტრაცია ცნობილი, სავარაუდოდ, მას შემდეგ გახდება, რაც ადვოკატი მოშიმშილე ჟურნალისტს მოინახულებს.