საია: მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

27.01.25 13:05
საია: მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "ბათუმელების" დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც მე-16 დღეა საპატიმროში შიმშილობს, განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულობით ინფორმაცია მიაწოდოს. ასევე, მოუწოდებს ციხის ადმინისტრაციას, მოშიმშილე ჟურნალისტის სამედიცინო მონიტორინგი გააძლიეროს.

საია საქართველოს პროკურატურასაც მიმართავს და ითხოვს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს, რადგან ჟურნალისტის საქმე სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებაში პირდაპირ წერს, რომ ამაღლობელს ხელისუფლება მისი საქმიანობის გამო სჯის.

უკანონო პატიმრობაში მყოფი “ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. 

მზია ამაღლობელმა, საიას თავმჯდომარესთან საუბრისას, აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას. 

საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს.

ამასთან, საია მიმართავს:

საქართველოს პროკურატურას - დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

საზოგადეობას შევახსენებთ, რომ მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა, - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები