ნოდარ მელაძე: მზია ამაღლობელი დღეს არის რეჟიმის წამების მსხვერპლი
"ტვ პირველის" საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ "ბათუმელების" დირექტორი რეჟიმის წამების მსხვერპლია, რადგან ჟურნალისტის პატიმრობაში დატოვების არგუმენტი არ არსებობს.
ნოდარ მელაძის თქმით, მზია ამაღლობელი ვერც მოწმეზე მოახდენს ზეგავლენას და ვერც მტკიცებულებების განადგურებას შძლებს, რადგან აჭარის ტელევიზიის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, ისედაც პროკურატურის ხელშია.
მზია ამაღლობელი დღეს არის რეჟიმის წამების მსხვერპლი, იმიტომ, რომ არ არსებობს არანაირი გონებრივი არგუმენტი, რომლითაც ხელისუფლება დაადასტურებს, რომ აუცილებელია წინასწარი პატიმრობის გამოყენება მზია ამაღლობელის საქმეში. პირველი - აჭარის ტელევიზიის გადაღებული კადრი, რომელიც მტკიცებულებად ამოღებული აქვს პროკურატურას, იმ კადრს მზია ამაღლობელი თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში ვერ წაშლის და ვერ გაანადგურებს და მოწმე, რომელიც არის, ამ შემთხვევაში, ირაკლი დგებუაძე, რომელმაც უკვე მისცა ჩვენება და თქვა, რომ მზია ამაღლობელის გაწნული სილის გამო განიცადა ძლიერი სულიერი ტკივილი, შესაბამისად, დგებუაძეზეც მზია ამაღლობელი ზეწოლას ვერ მოახდენს. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი იმის, რომ ჟურნალისტი იყოს ციხეში, არ არსებობს სამართლებრივად. შესაბამისად, მზია ამაღლობელის ყოველი საათი, გატარებული პატიმრობაში, ეს არის სადამსჯელო ოპერაცია წამებასთან გათანაბრებული, მითუმეტეს, იმ ძალიან მძიმე ფაქტორის გათვალისწინებით, რომ უკვე მე-16 დღეა შიმშილობს, - ამბობს ნოდარ მელაძე.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი 16 დღეა, შიმშილობს.