ადვოკატის ინფორმაციით, 20 წლის სტუდენტი, რომელიც მე-6 დღეა შიმშილობს, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია
ადვოკატის ინფორმაციით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია 20 წლის სტუდენტი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც მე-6 დღეა შიმშილობს.
როგორც ელგუჯა ავსაჯანიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, ჯავახიშვილს ისედაც ჰქონდა სუსტი ჯანმრთელობა, შიმშილობამ კი მისი მდგომარეობა დაამძიმა.
ჯავახიშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. მას ისედაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. საკმაოდ რთულად იყო. ასევე, არაადამიანური მოპყრობა იყო მის მიმართ – ფაქტობრივად სამარტოო საკნის წესები გაავრცელეს მასზე და ტელევიზორიც კი არ ჰქონდა, რომელიც თავის საკანში ჰქონდა”, – განმარტავს ელგუჯა ავსაჯანიშვილი.
მისი ინფორმაციით, დღეს ნიკოლოზ ჯავახიშვილს მოინახულებს მისი ოჯახის წევრი, რომელიც შეეცდება დაარწმუნოს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.
რაც შეეხება ნიკოლოზ ჯავახიშვილის სამარტოო საკანში გადაყვანას, თავად პატიმარი ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციამ ასე დასაჯა მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო.
ადვოკატი აპირებს ყველა ახალი გარემოება დოკუმენტურად შეაგროვოს და დაამაგროს ჯავახიშვილის საქმეს, რითაც სურს გამოკვეთოს სისტემური არაადამიანური მოპყრობა მის მიმართ.