მოვითხოვთ, სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! - მედიის წარმომადგენლები
მზია ამაღლობელის უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებას უკვე ასობით ჟურნალისტი ითხოვს. ჟურნალისტებმა და მედიამენეჯერებმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ "ბათუმელების" დირექტორს ივანიშვილის რეჟიმი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმისა და მიუკერძებელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სჯის.
მედიის წარმომადგენლებმა ასევე ქვეყანაში გაუარესებულ მედიაგარემოზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიებში გამოიხატა. მათ ასევე, ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მეგობარი ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდეს, ხმა აიმაღლონ ქვეყანაში ივანიშვილის მიერ ჟურნალისტების მასობრივი დევნის საკითხზე.
300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს:
"ონლაინ გამოცემების – ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი, პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში. მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება. მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული.
12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა ტყვეობაში აიყვანა ჩვენი კოლეგა – მზია ამაღლობელი, თითოეულ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე. ქართული ოცნების მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა მედიაგარემო.
გარდა იმისა, რომ 2024 წლის ზაფხულში მიღებული რუსული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, უკიდურესად გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების გაშუქების დროს, ივანიშვილის რეჟიმის სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ქართული ოცნების საგამოძიებო უწყებებს არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ და არ დაუსჯიათ ჟურნალისტებზე მოძალადეები. 2024-25 წლებში ოლიგარქის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დააპატიმრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით და ფულადი ჯარიმების ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ისინი.
ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის "ბრალდებით" დააპატიმრეს აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორ ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსში და მეზობელ აზერბაიჯანში.
მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჟურნალისტების მასობრივად დევნის აქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში"- აცხადებენ მედიის წარმომადგენლები.
ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა ციხეში შიმშილობს. საიას ცნობით, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება- ნათქვამია განცხახდებაში.
ცნობილია, რომ განცხადებას ხელს უკვე 311 ჟურნალისტი აწერს.