25 მუნიციპალიტეტში საარჩევნო სიაში მყოფი 683 მოქალაქე გარდაცვლილია - სამოქალაქო კომისია
სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ 25 მუნიციპალიტეტში 1930 წლამდე დაბადებული 1 311 მოქალაქე 12 აპრილის მდგომარეობით გარდაცვლილია, მათი 52% – 683 მოქალაქე კვლავ ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული. ორგანიზაციამ 25 მუნიციპალიტეტისგან გამოითხოვა ინფორმაცია საარჩევნო სიებში 1930 წლამდე დაბადებული მოქალაქეების შესახებ.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია, რადგან ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ მხოლოდ 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტისგან, 1930 წლამდე დაბადებული და დღეის მდგომარეობით გარდაცვლილი პირების შესახებ. საქართველოში კი სულ 73 მუნიციპალიტეტია. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბს მიაღწევს გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობა ამომრჩეველთა სიაში, თუ გადამოწმდება 73-ვე მუნიციპალიტეტში ინფორმაცია იმ გარდაცვლილი პირების შესახებ, რომლებიც 1930 წლის შემდეგ დაიბადნენ". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.