ჟურნალისტების პროტესტის შემდეგ, პენიტენციურმა მზია ამაღლობელზე განცხადება გაავრცელა

27.01.25 16:23
ჟურნალისტების პროტესტის შემდეგ, პენიტენციურმა მზია ამაღლობელზე განცხადება გაავრცელა

ჟურნალისტების პროტესტის შემდეგ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოცემა “ბათუმელების“ რედაქტორის, მზია ამაღლობელის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

პენიტენციურმა მედიასაშუალებები მათი სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშულა და გავრცელებულ ინფორმაციას, ამაღლობელის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე, ცილისმწამებლუირ უწოდა.

უწყების მტკიცებით, მზია ამაღლობელი სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულ მ.ა.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია და მის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს პენიტენციური სამსახური.
გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული მ. ა. უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. 
ბრალდებული მ.ა. იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთანავე, ბრალდებული, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.  
ბრალდებულის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს. 
აღსანიშნავია, რომ თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი სამსახურისთვის პრიორიტეტულია. 
მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - წერია განცხადებაში.

 

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 მზია ამაღლობელი 16 დღეა, შიმშილობს. 

მსგავსი სიახლეები