ანგარიშსწორება სამოქალაქო პოზიციის გამო - შავნიღბიანების მსხვერპლი ვახო ფიცხელაური გახდა
ვახო ფიცხელაურზე თავდამსხმელი კრიმინალები ამ დრომდე ქუჩებში თავისუფლად თარეშობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუკავებია. სამოქალაქო აქტივისტი "პირველებთან" დეტალურად იხსენებს მასზე განხორციელებული თავდასხმის ღამეს.
ვახო ფიცხელაურს სამი ნიღბიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდა, სატვირთო ავტომობილში ძალით შეტენეს და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს. გზაში მას თავდამსხმელები სიცოცხლის მოსპობით, მკვლელობით ემუქრებოდნენ და სახის არეში მუშტებს უმოწყალოდ ურტყამდნენ.
ვახო ფიცხელაური მასზე განხორციელებულ თავდასხმას საკუთარ აქტივიზმს უკავშირებს. რეჟიმი ცდილობს, დააშინოს და დასაჯოს ყველა ის თავისუფალი ადამიანი, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
ფიცხელაურმა თავის დაღწევა იმ დროს მოახერხა, როცა დასახლებულ პუნქტში კრიმინალებმა მანქანა გააჩერეს იმისთვის, რომ სამოქალაქო აქტივისტის ცემა უფრო სასტიკი მეთოდებით გაეგრძელებინათ.
ნიღბიანებმა ფიცხელაურს წაართვეს საფულე, მობილური ტელეფონი, სახლის გასაღები და ერთი ცალი ყურსასმენი. თეონა ბზიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათ ოჯახს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო "ტიტუშკები" მიუგზავნა.
დანაშაული წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა, სადაც განთავსებულია ბევრი კომერციული სივრცე და სათვალთვალო კამერა. ჩანაწერებში, სავარაუდოდ, გამოჩნდებოდა, თუ როგორ გაიტაცეს ნიღბიანებმა ახალგაზრდა მამაკაცი სატვირთო ავტომობილით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდამსხმელების იდენტიფიცირება და პოვნა ერთ დღეში შეეძლო, თუმცა გომელაურის უწყებას საგამოძიებო მოქმედებები არ დაუწყია, რაც სამოქალაქო აქტივისტებს უმყარებთ ეჭვს, რომ ეს "ქართული ოცნების" მიერ კარგად დაგეგმილი თავდასხმაა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.