ნიკა კაციას დედა: "ოცნებას" თავისუფლების ეშინია - თავად მონები არიან
სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გმირთა მემორიალთან შეკრებილ ადამიანებს შორის ერთ-ერთი დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას დედაა.
მარინა აფციაური ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" არათუ განსხვავებული აზრის, არამედ თავისუფლების ეშინია - "თავად მონები არიან, თავისუფლება რას ნიშნავს, არ იციან".
თავისუფალი სიტყვის, თავისუფლების ეშინიათ, რადგან თავად მონები არიან. თავისუფლება რას ნიშნავს, არ იციან. ნიკა მხნედ რომ არის ვიცი. ვეტყვი, არ გაბრაზდე, იცინე დედა. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. ჩვენ აუცილებლად ყველა ერთად გავიცინებთ. გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ", - ამბობს ნიკა კაციას დედა.
ფოტო არქივიდან.
შეგახსენებთ, ნიკა კაცია, რომელიც პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, 2024 წლის 7 დეკემბერს აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს. ამჟამად მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება.