ქორიძე: მზია ამაღლობელი ტუსაღია და ივანიშვილის საპყრობილეში ზის - ჟურნალისტს მკვდრადშობილ მუხლს ედავებიან
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს.
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი პირადად ბიძინა ივანიშვილის ტუსაღია, რომელსაც "წინა ხელისუფლების მმართველობის დროს გამოგონილ და ახლა გაცოცხლებულ მკვდრადშობილ მუხლს ედავებიან".
მოდი განვსაზღვროთ, ვინ უნდა იყოს ადრესატი მაშინ, როდესაც მზია ამაღლობელი არის პირადი ტუსაღი და ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში ზის. ვინ უნდა იყოს ადრესატი, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამართლიანობა არის დღეს დატუსაღებული და ვიცით, რომ რეალურად მკვდრადშობილი მუხლი, რომელიც წინა მმართველობის დროს მოიგონეს და ჩაწერეს სისხლის სამართლის კოდექსში, მზია ამაღლობელისთვის გააცოცხლეს. მზიას იმას ედავებიან და იმით ცდილობენ მის გასამართლებას, რომელიც არანაირად არ შეიძლება მიუდგეს მის საქმეს. საერთოდ ეს საქმე დასახურია. სხვა არაფერზე აღარ არის საუბარი. ამის ადრესატი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია", - ამბობს ზვიად ქორიძე.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.