"ვიდრე მზია ამაღლობელი პატიმრობაში იქნება, ყველას მივადგებით" - გელა მთივლიშვილი

27.01.25 22:37
"ვიდრე მზია ამაღლობელი პატიმრობაში იქნება, ყველას მივადგებით" - გელა მთივლიშვილი

"მთის ამბების" რედაქტორი, გელა მთივლიშვილი გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მხარდასაჭერად ბრძოლას გამარჯვებამდე აანონსებს.

ჟურნალისტი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ იქამდე, ვიდრე "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკულად განწყობილი მზია ამაღლობელი გისოსებს მიღმა იქნება, ყველას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც "მიადგებიან" და შეაწუხებენ. 

გელა მთივლიშვილი მზია ამაღლობელის მიერ საპატიმროში შიმშილობის დაწყებასაც ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა, რომელსაც პოლიციის მაღალჩინოსანი არაადამიანურად მოექცა, პროტესტის ერთ-ერთ ფორმად შიმშილობა რეჟიმის სისასტიკის სადემონსტრაციოდ აირჩია.

"შიმშილობს, რათა ციხის გარეთ მყოფი მისი კოლეგები გაგვაძლიეროს და დაგვანახოს, რომ რაც უფრო დიდხანს ექნებათ მათ ძალაუფლება, ბევრად მძიმე შედეგები შეიძლება ჩვენ მივიღოთ" - აცხადებს "მთის ამბების" რედაქტორი. 

მზიას ჯიუტ ხასიათს ვინც ვიცნობთ, ვიცით, რომ ის არ შეწყვეტს შიმშილობას. ყველამ ვიცით, რა პრინციპების და ღირებულებების მატარებელია ეს ადამიანი. რა შეუძლია მზიას სხვა, რომ რეჟიმს ციხეში შეებრძოლოს, სადაც მისი თავისუფლებაა შეზღუდული. მე ვფიქრობ, რომ მზიამ შიმშილობა პროტესტის ფორმად იმიტომ აირჩია, რომ მას იქ მოქმედება შეზღუდული აქვს. შიმშილობს, რათა ციხის გარეთ მყოფი მისი კოლეგები გაგვაძლიეროს და დაგვანახოს, რომ რაც უფრო დიდხანს ექნებათ მათ ძალაუფლება, ბევრად მძიმე შედეგები შეიძლება ჩვენ მივიღოთ.

არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელიც ივანიშვილს არ აქვს ჯიბეში ჩადებული. სამიზნე არის სწორედ ეგ. ჩვენ პერსონალურად მისი შეწუხებაც მოგვიწევს. არავის გამოტოვებას არ ვაპირებთ. ივანიშვილსაც მივადგებით. მზია დიდი ხანი არ უნდა დარჩეს პატიმრობაში, მაგრამ ვიდრე ის იქნება პატიმრობაში, მანამდე ყველას მივადგებით", - ამბობს გელა მთივლიშვილი. 

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები