ხარკოვზე რუსული დრონებით შეტევამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია
ხარკოვის ნოვობავარსკის რაიონში რუსული დროენბით შეტევამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია - დაშავდა სულ მცირე ორი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხანძარმა დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია მოიცვა.
„შაჰედის“ ტიპის მტრის დრონი სამოქალაქო საწარმოს ტერიტორიაზე მოხვდა. არსებული ინფორმაციით, ეს არის ხის გადამამუშავებელი საამქრო. დაზიანდა გაზსადენი, რომელიც ქარხანაში წარმოებისთვის გამოიყენებოდა. შედეგად ფართომასშტაბიანი ხანძარი გაჩნდა და გავრცელდა. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 12-ზე მეტი დანაყოფი, ასევე ხარკოვის საკრებულოს ტექნიკა“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამმართველოს დირექტორმა, ბოგდან გლადკიხმა.
მისივე ინფორმაციით, ხანძარი ორსართულიან შენობას მთლიანად მოედო. ასევე დაზიანებულია ახლომდებარე შენობები და სულ მცირე ორი ავტომობილი.