საბა სხვიტარიძის საქმე - ადვოკატი გამომძიებელს მტკიცებულების კანონის დარღვევით მოპოვებაში ამხელს
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნატო ხუჯაძე საბა სხვიტარიძის საქმეს განიხილავს. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებიან. მუხლი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სხდომას ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და ევროკავშირის დელეგაცია ესწრება. დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ.
მანამდე სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სხვიტარიძის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერი, მათ შორის ოქმები დაუშვებლად იყოს ცნობილი.
უფლებადამცველი ამბობს, რომ გამომძიებელმა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ არ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება და ვიდეო ჩამოწერა საჯარო წყაროდან. მისი თქმით, გაჩეჩილაძემ ამ ქმედებითდაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და მტკიცებულება, რომელიც მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით, არ გააჩნია მტკიცებულებითი ძალა.
გამომძიებელმა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ ინფორმაციის სახით მიაწოდა გამომძიებელს, რომ მან საჯარო წყაროებიდან ჩამოტვირთა ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ასახული იყო საბა სხვიტარიძის მიერ დანაშაულის ჩადენა. ალექსანდრე გაჩეჩილაძე არ არის გარესე პირი. ის გამოკითხვის ოქმში მიუთითებს დაკავებულ თანამდებობას, იგი მონაწილეობდა აღნიშნული საქმის გამოძიებაში, როდესაც ალექსანდრე გაჩეჩილაძემ განახორციელა ვიდეო-ჩანაწერის საჯარო წყაროდან ჩამოტვირთვა 2024 წლის 5 დეკემბერს, მან დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კერძოდ მოიპოვა მტკიცებულება ისე, რომ არ ჩაუტარებია საგამოძებო მქომედება. მტკიცებულებას, რომელიც მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით, არ გააჩნია მტკიცებულებითი ძალა. ნებისმიერი პირი, რომელიც გამოძიებაში მონაწილეობს, ბრალდების მხარისგან არის გამომძიებელი და ატარებს საგამოძიებო მოქმედებას, შესაბამისად, ჩვენთვის გაურკვეველია, ალექსანდრე გაჩეჩილაძემ როდესაც ჩამოტვირთა ეს კონკრეტული ვიდეო-ჩანაწერი, ამ დროს რა მოქმედება განახორციელა. ჩვენ ვშუამდგომლობთ, რომ აღნიშნული მტკიცებულებები იქნას დაუშვებლად ცნობილი", - განაცხადა სხდომაზე ადვოკატმა.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კვლავ ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
საბა სხვიტარიძე დაკავების შემდეგ, სასტიკად სცემეს და წამებასთან გათანაბრებულ პირებებში ამყოფეს - ადვოკატის და ოჯახის თქმით, ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს, თუმცა საქმეზე არც ერთი მოძალადე არ დაუსჯიათ.
საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.