მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი მზია ამაღლობელს! - აქცია საგამოძიებოსთან
თავისუფლება მზია ამაღლობელს! - სპეციალურ საგამოძიებო უწყებასთან "ბათუმელების" დირექტორის მხარდასაჭერი აქცია იმართება. შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს , რადგან მათი თქმით, ეს იქნება დაცვის მხარისთვის დამატებითი არგუმენტი, რომ დაკავებული ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძების შეცვლა მოითხოვოს. აქციის მონაწილეებს ადგილზე საპროტესტო ბანერები აქვთ მიტანილი.
ადგილზე იმყოფება "მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილი, რომელიც ყველა იმ დარღევაზე საუბრობს, რომელიც ამაღლობელის დაკავებისას მოხდა.
ძალიან ბევრ დარღვევას ჰქონდა ადგილი. ის დააკავეს უკანონოდ პოლიციის შენობის ღობეზე სტიკერის მიკვრის გამო, რაც თავისთავად არანაირი სამართალდარღვევა არ იყო. მეორე - ის შეიყვანეს, ერთი საათი ჰყავდათ უკანონოდ დაკავებული, შემდეგ გამოუშვეს ხელწერილით. როდესაც მზია გამოვიდა, ის დარჩა აქციაზე. აქციაზე მას პოლიციელები გამოყვნენ ღრიალით ეზოდან და დააკავეს მის გვერდით მყოფი ორი ადამიანი, მისი ახლობლები, რომლებიც სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც მზიამ მოქაჩა პოლიციელს და სახეშ გააწნა სილა. ამის შემდეგ ის დააკავეს უკანონოდ, გასძვრა ფეხსაცმელი, შიშველი შეიყვანეს, ფეხსაცმლის ჩაცმის საშუალება არ მისცეს. პოლიციის უფროსი საცემრად იწევდა, სახეში შეაფურთხა, სასმელ წყალს არ აძლევდნენ, საპირფარეშოში არ უშვებდნენ, წამებაა, აბა, რა არის?! დღემდე მზიას არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, შესაბამისად, არ აქვს მასალებზე წვდომა და არ აქვს უფლებამოსილება შეჩერებული ირაკლი დგებუაძეს, - ამბობს გელა მთივლიშვილი.
აქციაზე ჟურნალისტების და ამაღლობელის მეგობრების გარდა, იმყოფებიან მსახიობებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ახლა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე ყოფნა მნიშვნელოვანია.
17 დღეა შიმშილობს და მეტი რაღა უნდა მოხდეს?! მართლა საკაცით ხომ არ უნდა გამოვიყვანოთ ის ქალი? ბათუმშ ჩავალ, ფეხით ჩავალ, არცერთ აქციას აღარ გამოვტოვებ, ყელშ აღარ გადაგვდის უკვე, - ამბობს სანდრო კაკულია.