ექიმები: მოვითხოვთ, მაღალი კვალიფიკაციის ექიმები დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან - მზად ვართ, შევიდეთ მასთან

28.01.25 15:38
ექიმები: მოვითხოვთ, მაღალი კვალიფიკაციის ექიმები დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან - მზად ვართ, შევიდეთ მასთან

აჭარაში მოქმედი ექიმების სპეციალური განცხადება - მედიკოსები მოითხოვენ, დაკავებულ მზია ამაღლობელთან სანდო, მაღალი კვალიფიკაციის მრავალპროფილური ექიმები შეუშვან. ისინი ასევე მზადყოფნას აცხადებენ, რომ თავად, ესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შევიდნენ "ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დამფუძნებელთან. 

ექიმები აცხადებენ, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობა საფრთხეშია.

„მე-17 დღე შიმშილობა, მხოლოდ წყლის მიღება ძალიან სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ენერგიის უკიდურეს დეფიციტს განიცდის, რაც მრავალფეროვან და ხშირად შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.

ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს? შიმშილობის მე - 17 დღეს შესაძლოა, განვითარდეს ორგანოების უკმარისობა: გულის, თირკმელების, ღვიძლის და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ირღვევა.

ნერვული სისტემის მხრივ: ტვინი ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს თავისი ფუნქციების შესუსტებას, რაც იწვევს გონების დაკარგვას, კომას და სიკვდილს. ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი: ორგანიზმში მნიშვნელოვანი მინერალების დეფიციტი იწვევს გულის არითმიას, კუნთების სპაზმებს და სხვა სერიოზულ პრობლემებს. იმუნური სისტემის მხრივ: ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ.

პაციენტს წარმოექმნება ფსიქიკური პრობლემები: შიმშილი იწვევს დეპრესიას, აგრესიას და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს.

რატომ არის საშიში მხოლოდ წყლის მიღება. წყალი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიას, რომელიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცილებიდან და ცხიმებიდან.

ასევე ამ დროს ვითარდება ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

შიმშილობის საკითხი პენიტენციურ სისტემაში რეგულირდება მრავალი საერთაშორისო სტანდარტით, მათ შორის:

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ;

მინიმალური სტანდარტებით პატიმრობის პირობების შესახებ (ნელსონ მანდელას წესები).

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკიდან გამომდინარე, ასევე ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, აქამდე პენიტენციურ სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს ყოველდღიურად უნდა მოეხდინა უზრუნველყოფა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისა საზოგადოებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის 24 საათიანი მონიტორინგი.

მზია ამაღლობელი ბოლო 45 წელიწადში საქართველოში ბრალდებული პირველი პატიმარი ჟურნალისტია, რომელსაც უკანონო ხელისუფლება სჯის მაღალეთიკური, უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლისთვის სიმართლისთვის, ხელისუფლების დანაშაულებისა და შეცდომების მხილებისთვის. მზია ამაღლობელის დახსნა რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ამოცანაა ისევე, როგორც დანარჩენი 53 უკანონო პატიმრის.

თავისუფლება მზიას!

თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

თავისუფლება საქართველოს დიქტატურისგან!

ჩვენი მოთხოვნაა, სანდო, მაღალი კვალიფიკაციის მრავალპროფილური ექიმები, ეს იქნება კონსილიუმის თუ სხვა ფორმით, დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. თითოეული აქ მდგომთაგანი მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შევიდეს მზია ამაღლიბელთან“, - აცხადებენ ექიმები.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები