აქციების ფონზე, სერბეთის პრემიერი გადადგა
ქვეყანაში რამდენიმეთვიანი აქციების ფონზე, სერბეთის პრემიერმინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი თანამდებობიდან გადადგა.
მილოშ ვუჩევიჩის თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და აჩვენონ, რომ მზად არიან, დაეხმარონ საზოგადოებაში დაძაბულობის შემცირებას. ამავდროულად, ვუჩევიჩმა აღნიშნა, რომ „საზოგადოების სერიოზული დაყოფა უცხოეთიდან არის დაგეგმილი“.
"(მთავრობამ) უნდა აჩვენოს... უმაღლესი დონის პასუხისმგებლობა... იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა აღარ გაიზარდოს, მივიღე გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ახლახან გამოვაცხადე", - თქვა ვუჩევიჩმა.
ცნობისთვის, სერბეთში ყოველდღიური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 1 ნოემბერს, ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე, მათ შორის სტუდენტები, პედაგოგები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მათ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. მიზეზად ისინი კორუფციას ასახელებენ.
გაფიცულმა სტუდენტებმა გუშინ, პროტესტის ნიშნად ბელგრადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგისტრალი 24 საათით გადაკეტეს. ბლოკადას შეუერთდნენ სხვა მოქალაქეებიც, მათ შორის, ფერმერები, რომლებიც აქციაზე ტრაქტორებით მივიდნენ და დემონსტრანტებს ამ გზით იცავდნენ.