მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა - “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი”
მზია ამაღლობელის პატიმრობა პრესის თავისუფლების უმძიმესი დარღვევაა - ასე აფასებს "ბათუმელების" და ნეტგაზეთის დამფუძნებლის ციხეში გამოკეტვას “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი". გავლენიან მედია ორგანიზაციაში, რომელიც წლებია ჟურნალისტთა უფლებებზე მუშაობს, ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და მას საჭირო სამედიცინო პროცედურებზე წვდომა უნდა ჰქონდეს.
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" [CPJ] ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი, გულნოსა საიდი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.
საიდი ამბობს, რომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სჯიან.
პირველ რიგში, ის, რომ [მზია] პატიმრობაში იმყოფება პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობა შიმშილობის გამო, რომელსაც ის ახლა მიმართავს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შიმშილობა ერთადერთი გზაა, იმ მოპყრობის გასაპროტესტებლად, რომელსაც ის იღებს. ეს აშკარად პოლიტიკური და პოლიტიზებული საქმეა. ის მიზანში ნამდვილად თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ...
ჩვენ, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში" არ გვაქვს მეთოდოლოგია, რომლითაც განვსაზღვრავთ არის თუ არა ვინმე პოლიტპატიმარი. მაგრამ თუ გადახედავთ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, როდესაც საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ანუ პირი არის მიზანმიმართულად სამიზნეში ამოღებული თავისუფლების აღკვეთით, დაპატიმრებით ან სხვა უსამართლო მოპყრობით მათი, როგორც ჟურნალისტის, როგორც აქტივისტის, ან უფლებადამცველის საქმიანობის გამო - მაშინ ეს არის პოლიტიკური საქმე და ისინი პოლიტპატიმრები არიან.
მზია ცნობილია თავისი კრიტიკული ჟურნალისტური მასალებით, ის ამიტომაც გამოარჩიეს. შესაბამისად ჩვენი პოზიციაა, რომ ის უნდა გაათავისუფლონ, რათა არ იყოს ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაში, რომლის შესახებაც [მისი ადვოკატები და კოლეგები] საუბრობენ.
მაგრამ, ასევე, თუ ხელისუფლება გააგრძელებს გამოძიებას, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ [მზიას] მიმართ არ იქნება ასეთი, პოლიტიზებული მოპყრობა, რაც უბრალოდ მისი საქმიანობის გამო აქვთ ახლა. ასევე არ არის საჭირო მისი საპატიმროში დატოვება გამოძიების მსვლელობის დროს. "დანაშაულისთვის" სასჯელი, რომელიც მან ჩაიდინა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ეს ნათლად არაპროპორციულია ჟურნალისტის ქმედებასთან შედარებით. ეს ქართველმა მაღალჩინოსნებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ზოგად მდგომარეობას, როდესაც იყო არაერთი შეტაკების შემთხვევა მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის და იმ ადამიანებს, რომლებიც მზიას მსგავს პოზიციაში იყვნენ, არ მოექცნენ ისე, როგორც მას ექცევიან ახლა", - განაცხადა საიდიმ.