"თქვენ უნდა გეშინოდეთ..." - ნატო ხაინდრავა ბაჩიაშვილის დედას

29.01.25 10:58
"თქვენ უნდა გეშინოდეთ..." - ნატო ხაინდრავა ბაჩიაშვილის დედას

 

 

ბანკი "ქართუს„ გენერალური დირექტორი ნატო ხაინდარავა ერთ საათზე მეტია სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს. ხაინდრავამ და მისმა მოდგილემ იმ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უნდა ისაუბრონ, რომელიც ბაჩიაშვილსა და ივანიშვილის ბანკს შორის 10 წლის წინ გაფორმდა.

ხაინდრავამ სასამართლო დარბაზში შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი საქმე არაა რაზე ისაუბრებს, ხოლო ბაჩიაშვილის დედას კითხვაზე, რისი ეშინია, მუქარით უპასუხა: - "მე არაფრის, თქვენ უნდა გეშინოდეთ...მე რისი უნდა მეშინოდეს, მე ვარ მოწმე " 

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომა პროკურორის შეუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ დახურა.

გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

 

მსგავსი სიახლეები