შიმშილობის მე-18 დღე - საზმაუსთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია ამ დრომდე იმართება
შიმშილობის მე-18 დღე - რეჟიმის პატიმარი ჟურნალისტი ციხეში პროტეტს აგრძელებს, ქუჩაში კი მისი გათავისუფელების მოთხოვნით აქციები არ ჩერდება. ეპიცენტრი საზოგადოებრივი მაუწყებელია, სადაც ღამე საზმაუს მცველებმა გაათენეს და ამ დრომდე 1937 წელს რეპრესირებულთა ისტორიებს და ამონარიდებს მარია რესას წიგნიდან " როგორ დავამარცხოთ დიქტატორი" კითხულობენ.
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საზმაუსთან აქცია გუშინ საღამოს 19:00 საათზე დაიწყო და დღეს 19:00 საათამდე გაგრძელდება.
ის ხალხი, ვისთან ერთადაც მე ახლა ვიბრძვი, იცით, როგორი რაღაც თქვეს? ისეთი ადამიანი დაიჭირესო, თუკი ახლა ახლა არ ვიბრძოლებთ, უკვე აღარ ვიცით, ვისთვის ვიბრძოლოთო. მე არ მქონდა წაკითხული რესას წიგნი, ახლა ვეცნობი და ვხვდები რა არის ინსპირაცია მისთვის, რაზე ფიქრობს და ალბათ ძალიან გაუჭირდება რაიმენაირ დათმობაზე წასვლა თავის სინდისთან და ამიტომ ვუსურვებ გამძლეობას. როცა არ გეძინება, როცა ძალიან წუხხარ, რაღაც მაინც უნდა გააკეთო, - ამბობს აქციის მონაწილე.
მზია ამაღლობელის საქმეზე არ წყდება არც საერთაშირსო გამოხმაურებები. მისი გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებებს დიპლომატიური მისიები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ რეჟიმის ტყვე მზია ამაღლობელი საპატიმროში უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.
მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.