სისხლიანი ანგარიშსწორება გლდანის ციხეში - სახალხო დამცველი 45 წლის პატიმრის საქმეში ერთვება

29.01.25 19:13
სისხლიანი ანგარიშსწორება გლდანის ციხეში - სახალხო დამცველი 45 წლის პატიმრის საქმეში ერთვება

სისხლიანი ანგარიშსწორება გლდანის ციხეში - საქართველოს სახალხო დამცველი 45 წლის პატიმრის საქმეში ერთვება.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის რწმუნებული "ვივა მედში" იმყოფებოდა, სადაც პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა თავად იოსებ გორგოძის მონახულება მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლო.

29 იანვარს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ ერთ-ერთი პატიმრის მძიმე დაზიანებებით მოთავსების შესახებ. შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით, კლინიკაში იმყოფებოდა. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე, იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული  23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

აპარატის მიერ შეკრებილი ინფორმაციიდან დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ერთი მხრივ განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის, მეორე მხრივ კი მიმდინარე გამოძიებაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.

სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ დაწყებულია გამოძიება პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.

გარდა ამისა, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ არსებითი დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მოცემულ საკითხსაც.

სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. აპარატი გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას." - წერია განცხადებაში.

სისხლიანი ანგარიშსწორება გლდანის ციხეში - მძიმე დაზიანებით გლდანის ციხიდან კლინიკა "ვივა მედში" ერთი პირია გადაყვანილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმარი გარჩევის დროს სასტიკად სცემეს.

ცნობილია, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი ავტოავარიის შედეგად დააკავეს, როდესაც თბილისიდან წალკაში "ქართული ოცნების" აქციის მერე მიმავალ აქტივისტებს ძლიერი ნისლის დროს შეეჯახა. მაშინ ამ ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა.

"პირველების" ინფორმაციით, პატიმარი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ახალგაზრდა კაცს მძიმე დაზიანებები თავისა და ყელის არეში აღენიშნება. ოჯახი ეჭვობს, რომ პატიმრის დახრჩობის მცდელობა იყო. 

მათივე მონაყოლის თანახმად, ოჯახის წევრებს პატიმართან კომუნიკაციის საშუალება რამდენიმე დღის განმავლობაში არ ეძლეოდათ, მას შემდეგ კი რაც პატიმრის პროცესი გაურკვეველი მიზეზით გადაიდო, დაშავებულის თანამესაკნემ ოჯახს დაურეკა და უმძიმესი ფაქტის შესახებ მოუყვა. 

მას შემდეგ რაც პატიმრის ახლობლებმა განგაშის სიგნალი ჩართეს და "ვივა-მედთან" აქცია გამართეს, პალატაში შესვლის უფლება პატიმრის მამას მისცეს.