"მზიამ დამსახურებული სილა გააწნა მოძალადეს, არავის აქვს უფლება, ნაძირალა დგებუაძეს პოლიციელი უწოდოს" - ხოშტარია
"მზია ამაღლობელმა დამსახურებული სილა გააწნა მოძალადეს. არავის აქვს უფლება, ნაძირალა ირაკლი დგებუაძეს უწოდოს პოლიციელი" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ- ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ადამიანისთვის შიმშილობის 18 დღე კრიტიკული ზღვარია, სწორედ ამიტომ ხოშტარია ფიქრობს, რომ უნდა შეიქმნას კონსილიუმი, რომელიც დაკავებული ჟურნალისტის სასიცოცხლო პარამეტრებს გააკონტროლებს.
მზია ამაღლობელმა დამსახურებული სილა გააწნა მოძალადეს, არავითარ შემთხვევაში, არავის არ აქვს უფლება, ამ ნაძირალას, ირაკლი დგებუაძეს ეწოდოს პოლიციელი. მზიამ დაიცვა ამ ქვეყნის ღირსება, სამართლიანობა და კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც სრულიად უსამართლოდ აკავებდნენ. მან ისინი დაიცვა და ამით შექმნა ღირსების სტანდარტი. ასე ყალიბდება სახელმწიფო, ასე ყალიბდება საზოგადოება...
მზიას ჯანმრთელობა, არავის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ ღირს მითუმეტეს, ასეთ ნაძირალებთან ბრძოლაში. მე ვიცი, რას გადის ქალბატონი მზია ჩემი გამოცდილებით. კრიტიკული ზღვარია 18 დღე. საუბარი იმაზე, რომ მხნედ არის და წნევას უზომავენ, ეს არის არცოდნის და მიზანმიმართული მავნებლობის აპოთეოზი. უნდა არსებობდეს კონსილიუმი პირველი დღიდან, როცა ის შიმშილობს, რომელიც კონკრეტულ კონტროლს ახორციელებს ადამიანის სასიცოცხლო პარამეტრების'', - ამბობს ელენე ხოშტარია.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება,ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეთვრამეტე დღეა, შიმშილობს.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.