"მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს, რომელიც ადამიანების სისხლზე და ძალადობაზე დგას" - ბაია პატარაია

29.01.25 23:17
"მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს, რომელიც ადამიანების სისხლზე და ძალადობაზე დგას" - ბაია პატარაია

"მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს, რომელიც ადამიანების სისხლზე და ძალადობაზე დგას" - ამის შესახებ ორგანიზაცია "საფარის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ბაია პატარაიას თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს წამზომი სწორედ მოშიმშილე ჟურნალისტმა ჩაურთო - "ყოველი დღე არის უმძიმესი, არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ  "ოცნებისთვის".

ჩვენ უნდა გვესმოდე, რომ არანაირ შეცდომას არ აჰქონდა ადგილი. მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს. რეჟიმს, რომელიც არის სასტიკი, რომელიც დგას ადამიანების სისხლზე და ძალადობაზე. ის იმსახურებს სილას, ის იმსახურებს გასამართლებას, ცეცხლს. ოლიგარქია იმსახურებს ცეცხლს. დღეს, რაც მოხდა და რა რეზოლუციასაც უყარა კენჭი საპარლამენტო ასამბლეამ, ეს არის უპრეცედენტო ამბავი. იქ დაფიქსირდა ყველა ის პრობლემა, რაც აქვს ''ქართულ ოცნებას'' და ყველაფერი პირდაპირ ითქვა, რომ არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და აუცილებლად უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები...

ესენი არიან მაფიოზები, ესენი არ არიან ხელისუფლება, პარტიაც კი არ არიან. ესენი არიან კრიმინალების ბანდა და მზია ამაღლობელმა ამ შიმშილობით წამმზომი ჩაურთო ბიძინა ივანიშვილს და მის დანაშაულებრივ ბანდას. ყოველი დღე არის უმძიმესი, არამხოლოდ ჩვენთვის და მზია ამაღლობელისთვის, არამედ ეს არის უმძიმესი დღე ივანიშვილისთვის და '' ქართული ოცნებისთვის""- ამბობს ბაია პატარაია.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება,ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეთვრამეტე დღეა, შიმშილობს.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.