შიმშილობის მე-19 დღე - რა შედეგით დასრულდა ლევან იოსელიანთან შეხვედრა
გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მხარდასაჭერად, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები სახალხო დამცველს შეხვდნენ - დახურულ კარს მიღმა აუდიენცია 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ჟურნალისტებმა ლევან იოსელიანს მზია ამაღლობელის საკითხთან დაკავშირებით დახმარება სთხოვეს.
კერძოდ, როგორც ნესტან ცეცხლაძე "პირველებთან" აცხადებს, ჟურნალისტებმა ომბუდსმენს პენიტენციურ დაწესებულებაში შუამავლობა მოსთხოვეს, რადგან მოშიმშილე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი რეალური ინფორმაცია გახდეს.
ჩვენი ვთხოვეთ მას ეს შეხვედრა. მისი მანდატის ფარგლებში ვთხოვეთ, რომ განახორციელოს ზედამხედველობა. ჩვენი შფოთვის საგანს წარმოადგენს ის, რომ ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს არავითარი სამედიცინო მტკიცებულებები, სამედიცინო ცნობებზე დაფუძნებული ინფორმაცია, თუ როგორ არის მზია. ადვოკატებისგან ვიღებთ მხოლოდ ზეპირ, არასამედიცინო განცხადებებს, რომ ის მხნედ გამოიყურება, რაც ჩვენთვის არ არის საკმარისი. შეგვპირდა, რომ დაგვეხმარება და თავადაც გამოითხოვენ ინფორმაციას მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", - ამბობს ნესტან ცეცხლაძე.
მედიის წარმომადგენლების ცნობით, მოშიმშილე მზია ამაღლობელის უფლებადამცველებმა რუსთავის ქალთა კოლონიას ოფიციალური განცხადებით 2-ჯერ მიმართეს, რომლის ფარგლებშიც, მოითხოვდნენ, რომ პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ქალის შესახებ სამედიცინო ცნობები მიეღოთ.
თუმცა, მიუხედავად ორი განცხადებისა, სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ მაშველ რგოლად ინფორმაციის გადაცემის 10-დღიანი ვადა მოიშველია, რასაც ჟურნალისტების პროტესტი მოყვა. მათი შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც პატიმარი შიმშილობს, 10 დღე ინფორმაციის გადასაცემად ზედმეტად ბევრია.
სწორედ ამიტომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა ლევან იოსელიანისგან გარანტიები იმის შესახებაც მიიღეს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ამიერიდან შეუფერხებლად მიიღებენ.
არსებობს 10-დღიანი ვადა, რომელსაც პენიტენციური ცდილობს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს. მოშიმშილე ადამიანისთვის 10 დღის დაგვიანებით რომ მოგაწვდიან პარამეტრების შესახებ, ეს არავის არ აკმაყოფილებს. ამიტომ ომბუდსმენი დაგვპირდა, რომ მხარე მოითხოვს ახლა და მხარეს ზედამხედველობას გაუწევს, რომ ინფორმაციის მოწოდება იყოს შეუფერხებლად. იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არნახულ გულგრილობას იჩენს. ხედავენ, რომ საჯარო ინტერესია და ინფორმაციას არ გვაწვდიან", - ამბობს ნინო ზურიაშვილი.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეცხრამეტე დღეა, შიმშილობს.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.