ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - 2 პირს ბრალი წარედგინა

14.09.21 10:21
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - 2 პირს ბრალი წარედგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მისცეს. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მათი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, გაწერეს 3 428 000 ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც მათსავე კომპანიას შეუქმნეს ჯამში 522 915 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რაც შემდგომში გამოიყენეს კომპანიის საბიუჯეტო ვალდებულებების და იმპორტირებული პროდუქციის გადასახადების დასაფარად.

„გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.