დღეს, მზია ამაღლობელი არის საქართველო - პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვა ბათუმის უნივერსიტეტიდან
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართვა მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის გამოხატვით დაიწყო.
დღევანდელი დღე მინდა მზია ამაღლობელს მივუძღვნა, ის არის ჩვენი ქვეყნის, მომავლის და ღირსების სახე. დღეს ის არის საქართველო" - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ საერთაშორისო მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველოში ხალხის პროტესტს აქვს.
ეს არის მართალი ბრძოლა და მართალ ბრძოლაში არასდროს მარცხდება ქართველი - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ბათუმელებო, თქვენთან ჩამოვედი იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სრული სოლიდარობა და პატივისცემა. ბათუმში ჩამოვედი, რადგან აქედან დაიწყო ერთგვარად პროტესტი. თქვენ ხართ წყარო ამ პროტესტის, რომელიც დღემდე მოდის და ძალიან რთულ პირობებში. მინდა, დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე, ის არის დღეს ჩვენი ღირსების სახე, ის არის დღეს ჩვენი მომავლის სახე. ამიტომ ვართ დღეს ყველანი ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძლიერად, კარგად იქნება, რადგან ის არის საქართველო.
დღეს ჩვენ არა მხოლოდ ყველანი ერთად ვართ, არამედ ჩვენთან ერთად იზრდება ის მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან, რომელიც ასე გვჭირდება. ბრძოლა ჩვენია, არავინ სხვისი. ევროპის საბჭომ თავისი სათქმელი თქვა ძალიან მკაფიოდ და ყველას გასაგონად. ვის მხარეს დგას? ხალხის, საზოგადოების, საქართველოს მხარეს.
ამერიკაში ახალი თანასპონსორები გაუჩნდა იმ რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარებას. ეს არის ნიშნები, თუ რამდენად იზრდება მხარდაჭერა ამ პროტესტის, რომელიც ჩვენი არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რისთვისაც ვდგავართ დღეს აქ და ვიქნებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება.
არავინ, ვერავინ შეაშინებს ქართველს, როცა იბრძვის იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს ისეთი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული, როგორიც თითოეულ ჩვენგანს თავის შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის უნდა. ეს არის მართალი ბრძოლა და მართალ ბრძოლაში არასდროს მარცხდება ქართველი.
ბათუმში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ხალხი დგას ერთობლივად, ყველას მინდა გისურვოთ გამძლეობა, რადგან ჩვენ ვიქნებით ერთად ბოლომდე. მე ჩამოვედი იმისთვის, რომ თქვენ გამოგიცხადოთ ჩემი სოლიდარობა და კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ თქვენთან ვიქნები ბოლომდე. ის ბოლო არის ჩვენი გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.