დაკავებულ ისაკო დევიძესთან ადვოკატს ამ დრომდე არ უშვებენ
დიღმის მთავარ სამმართველოში ისაკო დევიძის დაკითხვის პროცესი ადვოკატის გარეშე მიმდინარეობს - სამოქალაქო აქტივისტთან მის უფლებადამცველს, ლაშა ტყეშელაძეს ამ დრომდე არ უშვებენ.
ლაშა ტყეშელაძის შეფასებით, საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილე ახალგაზრდების სახლებში შეჭრითა და გაჩხრეკით სისტემა საზოგადოების დაშინებას ცდილობს.
ისაკო იკითხება ახლა ზემოთ და ადვოკატს არ მიშვებენ ზემოთ. ეს არის დარღვევა. სხვა შეფასება არ არსებობს. სამართლებრივი ნაწილით ეს არ უნდა განვიხილოთ. ეს არის პოლიტიკური ნაწილი, რომ ხალხი შეაშინონ და დღეს სისტემა ცდილობს, რომ ხალხს შეეშინდეს და ხვალ მნიშვნელოვან აქციაზე ხალხი აღარ მივიდეს", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო. შსს-ს თანამშრომლებმა ნენსი ვოლანდის, ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკეს.
ისაკო დევიძე დააკავეს, ხოლო ილია ღლონტი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთი მოქალაქის, სანდრო ჭითანავას სახლიც გაჩხრიკეს, რის შემდეგაც დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
ამასთან, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა აქტივისტი დანიელ ბულკაშვილი გაიტაცეს.