ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო - ადვოკატის ცნობით, აქტივისტი ნაცემია

01.02.25 21:19
ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო - ადვოკატის ცნობით, აქტივისტი ნაცემია

ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო - ამის შესახებ ადვოკატი, გიორგი ნონიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ცნობით, სამოქალაქო აქტივისტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ორ ეტაპად იძალადეს. გიორგი ნონიაშვილი წერს, რომ იქამდე, სანამ სამოქალაქო აქტივისტის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყებოდა, პოლიციელებმა იგი ქუჩაში აიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

რაც შეეხება ძალადობის მეორე სერიას, გიორგი ნონიაშვილის ინფორმაციით, ისაკო დევიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში სცემეს.

ადვოკატი გამოვიდა. ისაკო დევიძე ნაცემია. დააკავეს ქუჩაში. ურტყეს. წაართვეს ტელეფონი და წაიყვანეს სახლში. სახლში ჩხრეკისას დედას აგინებდნენ. ისაკომ, რატომ მაგინებთო და კვლავ ურტყეს. არ მისცეს შესაძლებლობა შველა ეთხოვა, ადვოკატი, მეგობარი, მეზობელი დაესწრო, დაეძახა  და მარტო არ ყოფილიყო.
ჩხრეკისას სახლში არ შეუშვეს დედაც. პოლიციაში ოფიციალურად არ გამოუკითხიათ. სამაგიეროდ, 4 საათის განმავლობაში 7  ადამიანს ჰყავდა მომწყვდეული და "ესაუბრებოდნენ". - წერს გიორგი ნონიაშვილი. 

ცნობისთვის, დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო. შსს-ს თანამშრომლებმა ნენსი ვოლანდის, ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკეს.

ისაკო დევიძე დააკავეს, ხოლო ილია ღლონტი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთი მოქალაქის, სანდრო ჭითანავას სახლიც გაჩხრიკეს, რის შემდეგაც დიღმის მთავარ  სამმართველოში გადაიყვანეს.

ამასთან, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა აქტივისტი დანიელ ბულკაშვილი გაიტაცეს.