თავისუფლება და დიდძალი ქონება დუმილის სანაცვლოდ? - მკვლელი შადრევნის საქმეზე დაკავებული მერიის მაღალჩინოსანი ციხიდან გამოუშვეს

01.02.25 21:22
თავისუფლება და დიდძალი ქონება დუმილის სანაცვლოდ? - მკვლელი შადრევნის საქმეზე დაკავებული მერიის მაღალჩინოსანი ციხიდან გამოუშვეს

ვაკის პარკის მკვლელი შადრევნის საქმეზე გასამართლებული თბილისის მერიის მაღალჩინოსანი ციხიდან ვადაზე ადრე გამოუშვეს. ერთი წლის და ორი თვის თავზე, პატიმრობა გიგა გიგაშვილს შინა პატიმრობით შეუცვალეს. ახლა სახლშია და გადაადგილება სამეთვალყურეო სამაჯურით შეუძლია. 

  • თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი ვაკის პარკის შადრევანში, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის შემდეგ დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გიგაშვილმა სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გიგაშვილმა ბრალი არ აღიარა, დაკითხვის დროს ხელი არავის დაადო. მას არ უთქვამს, რომ მერი და მისი მოადგილეები, აჩქარებდნენ დაუსრულებელი შადრევნის გახსნას, რადგან შემოდგომაზე, საზაფხულო სეზონის შემდეგ, ეჩქარებოდათ პიარისთვის კიდევ ერთ ობიექტის გახსნა.

ვინ დაულაგა საქმე რომ ციხიდან ვადაზე ადრე გამოსულიყო, იყო თუ არა ეს ჯილდო, რომ ჩვენება კალაძის წინააღმდეგ არ მისცა? ამის გასარკვევად გიგუაშვილთან "შაბათის ეთერი" მივიდა.  პირველი, რაც ჟურნალისტ-გამომძიებლების ყურადღებას იქცევს, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის  ახალი აპარტამენტია. 

  • ირკვევა, რომ ნახევარი მილიონის ღირებულების ბინა პრესტიჟულ უბანში, გიგაშვილმა ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში, 2024 წლის რვა მაისს იყიდა, ისე რომ საბანკო სესხი არ დასჭირვებია. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ბაგებში ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, 143 კვადრატულ მეტრ  სახლში, 120 ათასი დოლარი გადაიხადა,  რაც საბაზრო ღირებულებაზე ბევრად იაფია. გიგაშვილს  არაფერია გაუყიდია, რაც ამ თანხის გადახდის საშუალებას  მისცემდა. ციხიდან გამოსულმა, პრესტიჟულ კორპუსში დიდი ბინა პირდაპირ გადაიფორმა. 

გიგა  გიგაშვილის უეცარი გამდიდრების ისტორია ციხიდან გამოსვლის შემდეგ იწყება, თუმცა ამით არ მთავრდება: 

  • თბილისის პრესტიჟულ უბანში ბინის ყიდვის შემდეგ თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი სამშენებლო ბიზნესის მფლობელი გახდა. 2 თვის წინ, 2024 წლის 13 ნოემბერს გიგაშვილის სახელზე  კომპანია "კომპაქტ ვარკეთილის" 50 პროცენტიანი წილი გადაფორმდა.  კომპანია "კომპაქტ ვარკეთილის" დამფუძნებელ გიგა სანაიასა და გიგა გიგაშვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მერიის ყოფილი მაღალჩინოსანმა 50 პროცენტიან წილში 270 ათასი ლარი გადაიხადა.  

ჩნდება კითხვა, როგორ იშოვა ციხიდან გამოსვლიდან 7 თვეში მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა 700 ათასი ლარი, როდესაც არც სესხი აუღია და არც არაფერი გაუყიდია?!

შაბათის ეთერმა აღმოაჩინა, რომ სამშენებლო კომპანია "კომპაქტ ვარკეთილი", ციხიდან გამოსვლის შემდეგ უეცრად გამდიდრებული მერიის მაღალჩინოსნის  ბიზნესი არ არის. საპატიმროს დატოვებიდან ორი კვირაში გიგაშვილის სახელზე ახალი კომპანია გაჩნდა. 2024 წლის 15 მაისს გიგაშვილმა დააფუძნა კომპანია "ჯი ემ კაპიტალ ენდ მორი". 2024 წლის 9 ივნისს, უკვე მერიაში კორპუსის ასაშენებლად ტერიტორიის მოსამზადებლად დოკუმენტები წარადგინა. 

საბოლოოდ მიწას, რომელიც სარეკრეაციო ზონა იყო და  მშენებლობა იკრძალებოდა, დედაქალაქის მერიამ საგანგებოდ, გავლენიანი დეველოპერისთვის  სტატუსი  შეუცვალა და სამშენებლოდ ვარგისად აქცია. 

დეტალები, ნახეთ, მაკა ანდრონიკაშვილსი რეპორტაჟში.