"ეჭვი მაქვს, რომ ისაკოზე ფარული გადაღება მიდიოდა" - ლაშა ტყეშელაძე
ისაკო დევიძე ამ დრომდე თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება - მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ აქვს გონივრული ეჭვი, რომ სამოქალაქო აქტივისტის დაკავებამდე მასზე ფარული თვალთვალი ხორციელდებოდა.
ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, ისაკო დევიძე ქუჩაში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა აიყვანეს და უთხრეს, რომ რამდენიმე წუთში შსს-ს თანამშრომლები მის სახლში ჩხრეკას ჩაატარებდნენ.
"თუ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, სად გადაადგილდებოდა, მაშინ ვერ დააკავებდნენ, ხომ?!" - აცხადებს ისაკო დევიძის უფლებადამცველი.
მე ეჭვი მაქვს, რომ მასზე მიდოდა ფარული გადაღება, ფარული ჩაწერა. უნდათ, რომ რაღაცები დაამონტაჟონ და შემდეგ ცრუ ვერსიები გამოაგდონ. როდესაც ისაკო გადაადგილდებოდა ქუჩაში, თუ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, სად გადაადგილდებოდა, მაშინ ვერ დააკავებდნენ, ხომ?! ესე იგი მასზე მიდიოდა თვალთვალი და მიყურადება.
ისაკო დევიძე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი წინააღმდეგობა. როდის გაიმართება, ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია. ისაკომ ასევე გამოაცხადა შიმშილობა ყველა იმ პატიმრის სოლიდარობისთვის, ვინც არის დაკავებული", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
ცნობისთვის, დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო. შსს-ს თანამშრომლებმა ნენსი ვოლანდის, ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკეს.
ისაკო დევიძე დააკავეს, ხოლო ილია ღლონტი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთი მოქალაქის, სანდრო ჭითანავას სახლიც გაჩხრიკეს, რის შემდეგაც დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
ამასთან, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა აქტივისტი დანიელ ბულკაშვილი გაიტაცეს.