15 და 18 კვადრატული ფართები დევნილებისთვის - რა მდგომარეობაა საცხოვრებელში, სადაც ზამირ კვეკვესკირი ცხოვრობდა

02.02.25 13:30
15 და 18 კვადრატული ფართები დევნილებისთვის - რა მდგომარეობაა საცხოვრებელში, სადაც ზამირ კვეკვესკირი ცხოვრობდა

თემქაზე, ყოფილი გამგეობის შენობაში, სადაც დევნილები არიან შესახლებულები, ახლა გლოვაა. იქ მცხოვრებლები ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალებას გლოვონებ, რომელმაც დევნილთა უზრუნველყოფის სააგენტოსთან ბენზინი გადაისხა.

საერთო საცხოვრებელში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათაც ისეთივე გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება, როგორშიც ოჩამჩირიდან დევნილი 44 წლის კაცი ცხოვრობდა. ირკვევა, რომ აქ დევნილებს 14, 15 და 18 კვადრატული ფართები აქვთ გამოყოფილი, სადაც რამდენიმე ოჯახის წევრს ერთად, სივიწროვეში უწევთ ცხოვრება. ადგილობრივების თქმით, მთავრობას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

რამდენიმე თვის წინ შემოწმებაზე მივედი, არავინ პასუხს არ გვაძლევდა, არც შემოწმებაზე მოვიდნენ და აღმოჩნდა ისე, რომ თბილისში რომ ჩაწერილები ვიყავით, იქიდანაც ამოგვწერეს. იძლებულები გავხდით, ქუთაისში ჩაგვეწერა თავები, სხვა გზა არ გვქონდა, ქუჩაში ვიყავით დარჩენილები. თითქმის 15 წელია ამ ამბავს ველოდებით. ყველაფერი რასაც ხედავთ, ჩვენი აწყობილია და არანაირი პირობები არ იყო 18 კვადრატში. მთავრობა გვეუბნება, რომ სანამ დაგაკმაყოფილებთ, იქნებით აქ და მოკლედ, ყოველ წელს გვეუბნებიან, რომ დაგაკმაყოფილებთ, მაგრამ არაფერი არ არის. ეს ამბავი რომ ჩაცხრება, რიგ-რიგობით დავდგებით და სხვადასხვა იდეებით მივალთ. ზოგი ვენას გადაიჭრის და ზოგი რაღაცას იზამს, სხვანაირად არ გამოდის, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.  

შეგახსენებთ, რომ კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ ბენზინი გადაისხა, გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები 5 დღის განმავლობაში იბრძოდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები