მხედრიონიდან ოლიგარქის რეჟიმამდე - 33 წელი 1992 წლის 2 თებერვლის მოვლენებიდან

02.02.25 14:00
მხედრიონიდან ოლიგარქის რეჟიმამდე - 33 წელი 1992 წლის 2 თებერვლის მოვლენებიდან

33 წლიანი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის - დღეს 2 თებერვალია, დღე, როცა მხედრიონელმა ჯაბა იოსელიანმა თბილისში დემონსტრანტები ავტომატებით ჩაცხრილა. მაშინ თამარ მეფის ხიდზე 23 მომიტინგე დაიღუპა, 186 კი დაშავდა. მოკლულებს შორის იყო 16 წლის მედროშე - მამუკა ტერაშვილი.

საქართველოს თავისუფლებისთვის მოკლული ტერაშვილის ძმა ახლა "ქართული ოცნების" რეჟიმს ჰყავს დაპატიმრებული და სამშობლოთვის ბრძოლას არ პატიობს.

"პირველები" მამუკა და გიორგი ტერაშვილების დედას ესაუბრა. მარინა ტერაშვილი აცხადებს, რომ მისი ორივე შილი რუსული რეჟიმის სამიზნე გახდა. ის პარალელს ავლებს 33 წლის წინანდელ მოვლენებთან და ამბობს, რომ როგორც 33 წლის წინ, დრესაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ქართველებს ებრძვის.

დილით, ის უბედური კვირა დღე, ჩემთვის უბედური და სისხლიანი, რომ ადგნენ, მიდიოდნენ, უნდა წასულიყვნენ, ესენი ცოტა ადრე წავიდნენ და მე ვუთხარი, „დედიკო, ცოტა ფრთხილად იყავით მაინც,-მეთქი, ხომ ხედავს, წინა საღამოს გამოაცხადეს, რომ არ გამოხვიდეთ, მიტინგები არ შედგესო, თორემ დავარბევთ ხალხსო“. იმის მიუხედავად, რომ ხალხს შეშინებოდა, უფრო მეტი ხალხი იყო გასული იმ 2 თებერვალს. მამუკამ ხელი გადამხვია და მოფერებით მითხრა, რა მოხდება, დედა, ერთი შვილი შენც შესწირო საქართველოსო. ამ სიტყვების გამგონი მე რა ჭკუაზე უნდა ვყოფილიყავი და დღემდე ეს სიტყვები ჩემი ჭკუა-გონებიდან არ ამოდის და არც ამოვა, სანამ ცოცხალი. იმათმა რომ სროლა დაიწყეს, პირველი ტყვია მამუკას მოხვდა, როგორც მედროშეს, სნაიპერის ტყვია. პერანგიც მაქვს მამუკასი. მაშინ ის ხალხიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და შეეწირა ჩემი შვილი იმას. ახლა არის ბრძლა ქვეყნის გადარჩენისთვის, დამოუკიდებლობა და თავისუფლება რომ შევინარჩუნოთ და ევროპული მომავლისთვის, რისკენაც ისწრაფოდა ჩვენი ხალხი. ჩემი შვილიც არის დაკავებული. ის მიტინგზე დადიოდა, სულ დადიოდა, არ უარვყოფ. ჩემს შვილებთან ერთად, მაშინ რომ მიდიოდა და ახლაც, რომ მიდიოდა გიორგი, მეც მივდიოდი ხოლმეს და ახლაც დავდივარ. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი შვილები, ვისაც მართლა საქართელოსთვის გული სტკივა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვის და ამ ბრძოლისთვის არ იშურებს ხალხის სიცოცხლეს. რაც იმ 1992 წლის 2 თებერვალს მოხდა, ის 9 აპრილის ტოლფასი იყო. 9 აპრილს რუსის ჯარმა დაარბია, დახოცა ქართველები, აქ ქართველების ხელით მოხდა ქართელების გენოციდი. იგივე ხდება ახლაც, რა განსხვავებაა?ისევ რუსეთის დავალებით ხდება ყველაფერი, - ამბობს მარინა ტერაშვილი. 

მარინა ტერაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ახლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის შვილების ნაცვლად იბრძოლებს.