მედიაორგნაზაციები : პაპუაშვილის განცხადება "პუბლიკის" მიმართ აშკარა მუქარას შეიცავს
მედიაორგანიზაციები შალვა პაპუაშვილის მიერ 1 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას საგანგებო განცხადებით ეხმიანებიან. მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაა და მისის საქმიანობის შეზღუდვას ისახავს მიზნად. ისინი ასევე პირდაპირ ამბობენ, რომ პაპუაშვილის მხრიდან "პუბლიკის" მიმართ ღია მუქარას ჰქონდა ადგილი.
მედიაორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, მომხდარს შესაბამისი შეფასება მისცენ და ყველა ღონე იხმარონ, რათა საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნა შეაჩერონ.
1 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯაროდ თავს დაესხა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” მას შემდეგ, რაც გამოცემამ 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
პაპუაშვილმა ფეისბუკ პოსტში დაწერა, რომ ”პუბლიკა” ამ ინფორმაციის გავრცელებით “სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს” და “რეკლამირებას უწევს”. ის ასევე პასუხისმგებლობით დაემუქრა ევროკავშირს, რომელიც, მისივე თქმით, აფინანსებს “პუბლიკას”.
მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება არის დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა და ემსახურება მისი საქმიანობის შეზღუდვას.
ამასთან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა უკვე დააპატიმრა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების - “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ ბრალდებით, რომელიც მას არ ჩაუდენია, პაპუაშვილის ეს განცხადება “პუბლიკის” მიერ “სისხლის სამართლის დანაშაულის დაანონსებაზე” შეიცავს აშკარა მუქარას ამ მედიაორგანიზაციის მიმართ.
კატეგორიულად ვგმობთ შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადეკვატური შეფასება მისცენ ამ ყოველივეს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნის შესაჩერებლად. ამასთან, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ “პუბლიკის” სარედაქციო გუნდს, რომელიც დაარსების დღიდან სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს.
პატივისცემით,
ბათუმელები
ნეტგაზეთი
სამხრეთის კარიბჭე
სტუდია მონიტორი
მთის ამბები
ჯემნიუსი
მედია აპრილი
ინდიგო
მედიაჩეკერი
მოზაიკა
ქუთაისიპოსტი
მაუწყებელი
აქცენტი
ტაOC Media
Chai Khana
Civil.ge
პროექტი 64
TV პირველი
“ფორმულა”
JRC/
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი
TOK TV
კავკასია
კახეთის ხმა