პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება თბილისი მოლთან - ადგილზე დაკავების მანქანები მიიყვანეს
დაანონსებული პროტესტი თბილისის შესასვლელთან - ადგილზე დაკავებების მანქანები მიიყვანეს. პოლიციელების უპრეცედენტო მობილიზებაა თბილისი მოლის შიდა და გარე ტერიტორიაზეც.
ადგილზე მისვლა დაიწყეს მოქალაქეებმაც. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, ყველა ისევ ქუჩაში გავიდეს და უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს.
პროტესტის ეპიცენტრში მივიდა ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია ღლონტიც, რომლის ბინაშიც გუშინ პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
ჩემი ბრძოლა არის სამართლიანი, ჩემი ბრძოლა არის მშვიდობიანი, კანონიერი და მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ყველა, ვინც ერთად ახლა ვიბრძვით, გავიმარჯვებთ და ზუსტად ამიტომ, დღესაც ვარ აქ და ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც საჭიროა. იქ, სადაც მშვიდობიანი, სამართლიანი და თავისუფალი პროტესტია ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად, ვისაც სჯერა უკეთესი მომავლის და ვინც იბრძის ამ უკეთესი მომავლისთვის, - ამბობს ილია ღლონტი.
შეგახსენებთ, რომ დიდ შეკრებამდე, რომელიც დღეს თბილისი მოლთან არის დაანონსებული, 1 საათზე ნაკლები დრო რჩება. საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში ამჯერად ქოლგებით გამოდიან, რადგან ქოლგები კანონსაწინააღმდეგოდ "ოცნებას" ჯერ კიდევ არ გმოუცხადებია.
საპროტესტო აქცია დიღომში ზუსტად 16:00 საათზეა დაანონსებული. "ბოლომდე!" - ასე ჰქვია აქციას, რომელიც უპრეცედენტო რეპრესიების ფონზე პოლიტ პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოთხოვნით გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ თბილისის გასავლელთან უამრავი ვიდეოკამერა დაამონტაჟა, ასევე გუშინ პოლიციამ არერთი აქტივისტის სახლში ჩაატარა ჩხრეკა, მოქალაქეები არ შინდებიან და ამბობენ, რომ ვერც ფიზიკური და ვერც მორალური ტერორით არალეგიტიმური ხელისუფლება მათ ხმას ვერ ჩაახშობს.