სახალხო დამცველი: მოვინახულებთ ყველა დაკავებულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს
შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები - ამის შესახებ სახალხო დამცველი რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში წერს.
განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
მათივე თქმით, სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას.
ამასთან, ირკვევა, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები მოინახულებენ ყველა დაკავებულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს:
ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ.
სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და მისცეს შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას - პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და არაეთიკური მიმართვების ფაქტებზე ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება.
სახალხო დამცველის რწმუნებულები მოინახულებენ ყველა დაკავებულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს. დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 1481 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.