“თემურ ქათამაძე მე-18 დღეა შიმშილობს, მისი მდგომარეობა უცნობია“ - "საია" სამედიცინო დოკუმენტების გადაცემას ითხოვს
ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე, რომელიც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული, მე-18 დღეა შიმშილობს.
თემურ ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების შესაბამისი უწყებიდან გამოთხოვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და შეფასების მოთხოვნით საიას ადვოკატმა სახალხო დამცველის აპარატს უკვე მიმართა.
თემურ ქათამაძეს, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს, ქვეყნიდან გაძევება ემუქრება. იგი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული და მე-18 დღეა შიმშილობს. მთელი ეს პერიოდი, ის მხოლოდ წყალს იღებს. თემურ ქათამაძე სამტრედიის და თბილისის საქალაქო/რაიონული სასამართლოების ბრძანების საფუძველზეა დაკავებული.
თემურ ქათამაძის შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც განთავსების ცენტრი, ისე, სახალხო დამცველის აპარატი. მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან მოშიმშილე დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი შიმშილობის მართვის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია. ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ქმედებები ხორციელდება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების თავიდან არიდების მიზნით.
ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი დაკავებულის მოვლა და მიმდინარეობს თუ არა მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით. თემურ ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების შესაბამისი უწყებიდან გამოთხოვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და შეფასების მოთხოვნით საიას ადვოკატმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და დროებითი განთავსების ცენტრისგან შესაძლო გამოუსწორებელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტების დაუყოვნებლივ გადმოცემას, დაკავებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად მუდმივი მონიტორინგის და მკურნალობის განხორციელებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო თემურ ქათამაძის სააპელაციო საჩივარს, მიმდინარე წლის 3 თებერვალს, 14:00 საათზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო 7 თებერვალს, 15:00 საათზე განიხილავს, რომლებითაც გასაჩივრებულია აღნიშნული პირის დაკავება და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება", - წერს "საია".
ცნობისთვის, ბათუმის აქციის მთავარი მედროშე თემურ ქათამაძე, თავდაპირველად, 11 იანვარს 173-ე მუხლით აქციაზე დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 14 იანვარს სასამართლომ ქათამაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. თემურ ქათამაძე უკანონო პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, 16 იანვარს ისევ დააკავეს.