ლილოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წაუყენეს

03.02.25 12:47
ლილოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წაუყენეს

ლილოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება ერთ პირს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხოლო მეორე პირს - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარუდგინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში, საქნავთის დასახლების №2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთ შელაპარაკებისას ბრალდებულმა, მის სახელზე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, განზრახ მკვლელობა,  აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 1-ელ თებერვალს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე ბრალდებულს - სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს, 4 შვილის მამა, რომელიც სამშენებლო ბიზნესს ფლობდა, მანქანაში რამდენიმე გასროლით ჩაცხრილეს.  

თვითმხილველების მონაყოლის თანახმად, ავტომობილს, რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს, სანომრე ნიშნები ჰქონდა მოხსნილი, რაც მოქალაქეებს უჩენს ეჭვს, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო. 

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება ისიც, რომ მოკლულსა და თავდამსხმელს შორის დაპირისპირებას აქამდეც ჰქონდა ადგილი.

მსგავსი სიახლეები