ნაცემი ჟურნალისტები და დაკავებული მოქალაქეები - არალეგიტიმური პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესია
კაცი, გამორჩეული ბილწსიტყვაობით და აფექტურობით სიბრაზის დაძლევას ახალგაზრდებს ურჩევს. ერთ დროს მაგინებელ დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის და გამაერთიანებლის მანტია მოარგეს და ისიც ახალი როლიდან ქუჩაში მდგარ გაბრაზებულ მოქალაქეებს მშვიდი ტონით მიმართავს.
სხდომათა დარბაზში მშვიდი ატმოსფეროს შესაქმნელად ყველა პირობა იყო. ვინც სხდომას ესწრებოდა, მხოლოდ ტაშს უკრავდა. არ იყვნენ დიპლომატები, არ იყო ოპოზიცია. მაქსიმალური კომფორტისთვის შეზღუდეს მედია. თუმცა, ეს სიმშვიდე რომ მოჩვენებითია, თავიდანვე გამოჩნდა. "ოცნებას" პროტესტი იმდენად აწუხებს, რომ მის ჩასახშობად პარლამენტის შენობასთან დილიდან პოლიციის ჯარი ჩადგა. იცოდნენ, რომ პროტესტის გარეშე შენობაში მათ არავინ შეუშვებდა.
პოლიციამ იძალადა ჟურნალისტებზე. ონლაინ მედიის წარმომადეგენლებს, ვისი პარლამენტში ყოფნა დღეს შალვა პაპუაშვილმა აკრძალა, პარლამენტს გარეთ პოლიციამ სცემა. თმა მოქაჩეს "პუბლიკას" ოპერატორს, თავს დაესხნენ "ონ ჯი"-ს ჟურნალისტს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ტროტუარზე იდგნენ და პროტესტს აშუქებდნენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.