თავს არ ცნობს დამნაშავედ, მას პროტესტის ნიშნად, არცერთ საპროცესო დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია - ბიძინაშვილის ადვოკატი

04.02.25 21:12
თავს არ ცნობს დამნაშავედ, მას პროტესტის ნიშნად,  არცერთ საპროცესო დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია - ბიძინაშვილის ადვოკატი

 

 

“თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული, დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშვედ არ ცნობს და მიჩნევს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.

ჩომახაშვილმა ბიძინაშვილი ცოტა ხნის წინ ზაჰესის იზოლატორში მოინახულა.

ადვოკატი მთელ რიგ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფს კვალიფიციური საადვოკატო მომსახურების მიღების საშაულება არ მიეცა, “ეს არის ერთი საპროცესო საფუძველი, რომ საერთოდ დარბაზიდან გათავისუფლდეს“.

დიმა თვლის, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, თავს არ ცნობს დამნაშავედ, მას პროტესტის ნიშნად, არცერთ საპროცესო დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. მისივე განმარტებით და ჩემი ინფორმაციითაც, რამდენიმე საათი ვცდილობდით კომუნიკაცია გვქონოდა ერთმანეთთან, თუმცა პოლიციის დეპარტამენტიდან უკუკავშირი არ არსებობდა. შესაბამისად ვერ მოხდა ადვოკატსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს შორის კომუნიკაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს დარღვეულია დაცვის უფლება.

ეს არის ერთი საპროცესო საფუძველი, რომ საერთოდ დარბაზიდან გათავისუფლდეს,  რადგან მას არ მიეცა კვალიფიციური საადვოკატო მომსახურების საშუალება და ეს იყო ბრალდების მხარის მხრიდან განზრახი. ისე გადმოიყვანეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტულ დაწესებულებაში, რომ არ მომეცა მასთან გასაუბრების საშუალება. მას სთხოვდნენ ხელი მოეწერა სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტზე ადვოკატის დასწრების გარეშე, რაც არის აბსოლუტური დარღვევა“, - განაცხადა ჩომახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება. დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.