ბრალს არ აღიარებს, არც კი იცნობეს პირებს, ვინც ამ საქმეზეა დაკავებული - ნიკოლოზ კუტუბიძის ადვოკატი
ნიკოლოზ კუტუბიძე, რომელიც ზაჰესის იზოლატორშია მოთავსებული, ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა მოინახულა. 20 წლის ახალგაზრდა ერთ-ერთია იმ 8 დაკავებულიდან, რომელსაც ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ახლა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ისიც სხვების მსგავსად, იზოლატირდან გამოიყვანეს, შემდეგ კი უკან შეაბრუნეს.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ კუტუბიძე ბრალს არ აღიარებს. მეტიც, ის საერთოდ არ იცნობს პირებს, რომელთან ერთადაც ჯგუფური დანაშაულის ჩადენას ედავებიან.
ჩემი დაცვის ქვეშ პირი ემსზადებოდა და გამოიყვანეს, რომ წამოსულიყო სასამართლოში, იცით, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და ზუსტად, როდესაც დატოვა აღნიშ ნული ტერიტორია, აქვე მოხდა მისი დაკავება და ახალი ბრალის წარდგენა. ის იქნა გადაყვანილი მთავარ სამმართელოში, გამოიკითხა ამ ფაქტთან დაკავშირებით. საქმე დაწყებულია მე-19, 222-ე მუხლის საფუძველზე, რაც ნიშნავს სტრატეგიული ობიექტის გადაკეტვის მცდელობას.
ის (კუტუბიძე) თავს უდანაშაულოდ გრძნობს. ამბობს, რომ არანაირ მაგისტრალის გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია. არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონდა სხვა პირებთან და ის არ იცნობს იმ პირებს, ვინც არის ამ საქმეზე დაკავებული, - ამბობს ადოკატი.
შეგახსენებთ, რომ “თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება. დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.