გიგი თვლის, რომ მისი ბრძოლა გრძელდება, ამ შემთხვევაში მისი პატიმრობით და ციხეში ჩასმით - ადვოკატებმა უგულავა მოინახულეს

04.02.25 22:35
გიგი თვლის, რომ მისი ბრძოლა გრძელდება, ამ შემთხვევაში მისი პატიმრობით და ციხეში ჩასმით - ადვოკატებმა უგულავა მოინახულეს

გიგი პოლიტიკური დევნის ვეტერანია, რომელსაც ივანიშვილის კაპრიზის გამო იჭერენ ხოლმე, მაგრამ ეს საქმე, თავისი აბსურდულობით, ყველა ხარისხში აღემატება იმას, რაც აქამდე გვინახავს, - ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომელმაც ზაჰესის იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.

ბასილაია ამბობს, რომ უგულავას დაკავება არის დაშინების მცდელობა, “რადგან რეჟიმმა დაინახა, რომ ასეთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებზე უჭირთ მომიტინგეების კონტროლი.“

ეს არის დაშინების მცდელობა, რეჟიმმა დაინახა, რომ ასეთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებზე უჭირთ მომიტინგეების კონტროლი. ამოცანად დაისახეს ამიტომ, დავიჭერთ ნაწილს, რომ მომავალში სხვებს შეეშინდეთ მსგავსი პროტესტის გამოხატვის, თუმცა ვერავის შეაშინებენ.

ბუნებრივია, რომ პატიმრობას მოითხოვს პროკურატურა და სამართლოც შეუფარდებს. საინტერესოა რა ნიშნით ამოარჩია რეჟიმმა ეს ადამიანები. გიგი ძალიან მხნედ არის და ამით ვერავის შეაშინებენ“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა ასევე "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე, რომელმაც საზოგადოებას გიგი უგულავას გზავნილი გადასცა. 

გიგი თვლის, რომ მისი ბრძოლა გრძელდება, ამ შემთხვევაში მისი პატიმრობით და ციხეში ჩასმით. ის ფიზიკურად ვერ იქნება რუსთაველის გამზირზე, მისი გზავნილია, რომ ყველანი ვიყოთ მხნედ. უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი შეშინებულია, ეს არის პანიკური უკურეაქცია იმ საპროტესტო აქციაზე, რომლის დათრგუნვა და შეშინება ვერ შეძლო. მან ვერ იპოვა გასაღები, როგორ შეაჩეროს ქართველი ხალხი. არ უნდა შეგვეშინდეს, ეშინია ივანიშვილის რეჟიმის და პირველი ჩამოიშლება სწორედ ის“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.