ივანიშვილი საკუთარ სასამართლოშიც კი ვერ მივიდა - ოლიგარქი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას დისტანციურად აძლევს
ბიძინა ივანიშვილი საკუთარ სასამართლოშიც კი ვერ მივიდა - ოლიგარქი გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას დახურულ სხდომაზე დისტანციურად, წინასწარ დამონტაჟებული მონიტორიდან აძლევს.
სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
როგორც მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, სხდომის ნაწილობრივ დახურვის არგუმენტი კომერციული საიდუმლოების დაცვაა. ამასთან, დაკითხვის დროს, საუბარი შეიძლება შეეხოს ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობებს.
ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განმარტა, კომერციული საიდუმლოების მიზნით სხდომის დახურვის მოთხოვნა ზოგადი ფრაზებით არ უნდა იყოს დასაბუთებული.
თავად ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა მოსამართლე გიორგი გელაშვილს ობიექტური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა.
"მთელმა ქვეყანამ იცის, რომ პროცესის დახურვა ემსახურება იმას, რომ ივანიშვილმა საჯაროდ არ გასცეს კითხვებს პასუხი. ძალიან გთხოვთ, ობიექტური იყოთ შეფასებაში", - მიმართა ბაჩიაშვილმა სასამართლოს.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.
ბიძინა ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაკითხვა გასულ სხდომაზე პროკურატურამ მოითხოვა. ამის საფუძვლად პროკურორმა დაზარალებულის ასაკი და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.
- გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.