მედიაადვოკატირება: მოვუწოდებთ ევროპის მაუწყებელთა კავშირს, გამოხატოს პოზიცია საზმაუში არსებული ცენზურისა და პროპაგანდის შესახებ

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის წამყვანის უფლებამოსილების დროებით შეჩერებას მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგებო განცხადებით ეხმიანება. ირგანიზაციაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას ემსახურება. უფლებამცველები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე პოზიციის დაფიქრებას ევროპის მაუწყებელთა კავშირსაც სთხოვენ.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის დროებით შეჩერება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და ყველა მის კოლეგას, რომლებიც იბრძვიან მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკისათვის.
ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) გამოხატოს პოზიცია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ ცენზურასა და პროპაგანდაში არაერთგზის მხილებული ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის ქმედებების შესახებ, - ნათქვამია განცხადებაში.