აბესაძე არ გამორიცხავს, რომ მაგისტრალის ჯგუფურად გადაკეტვის ბრალდებით სხვა პირებიც დააკავონ
გიგი უგულავას ადვოკატი ირაკლი აბესაძე არ გამორიცხავს, რომ იმ 8 პირის გარდა, რომელესაც ბრალი სისხლის სამართლებრივი წესით წარედგინათ, აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავონ. ამის თქმის საფუძველს მას ბრალი დადგენილება აძლევს, სადაც წერია, რომ აღნიშნული 8 პირი სტრატეგიული მნიშვნელობის მაგისტრალის გადაკეტვას სხვა პირებთან ერთად ცდილობდნენ.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ბრალი აბსურდულია და მსგავსს ფაქტს 2 თებერვალს თბილისი მოლთან ადგილი არ ჰქონია.
ჩაგვბარდა ბრალის დადგენილება. 8 ადმაიანს იჭერენ ორი წინადადებით და ორივე წინადადება არის ტყუილი, რომ თითქოს ეს 8 ადამიანი სხვებთან ერთად, ანუ მოლოდინია, რომ სხვებსაც შეიძლება, ბრალი წარედგინოთ, ცდილობდნენ გზის ბლოკირებას, გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე და პოლიციის ძალისხმევის შედეგად გათავისუფლდა გზის სავალი ნაწილი. პირდაპირ ეთერში ტელევიზიის მაყურებელი უყურებდა, რომ მსგავსს ადგილი უბრალოდ არ ჰქონია. ამიტომ, როცა ასეთი ტყული გინდა აქციო ადამიანების დაჭერის საფუძვლად, ვეღარ ახერხებ, რომ ბრალის დადგენილებას რაიმე სმართლებრივი ფორმა და შინაარსი მისცე.
რაც შეეხება გიგის განცხადებას, რა თქმა უნდა, ის ბრალის დადგენილებას არ დაეთანხმა, ხელიც არ მოაწერა, იმიტომ, რომ ეს აბსურდიც არ არის, უბრალოდ, არაფერი წერია, - ამბობს ირაკლი აბესაძე.
რეჟიმი ვა ბანკზე მიდის - "ოცნება" ოპონენტებს ციხეში არარსებული დანაშაულისთვის უშვებს. თბილისი მოლთან 2 თებერვალს დაკავებული 8 პირს თავიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს და ახლა მათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რეჟიმი მათ მაგისტრალის ჯგუფურად გადაკეტვას ედავება. არადა, ცნობილია, რომ 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელი საერთოდ არ გადაკეტილა.
მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს 48 საათიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურათ, მათ საპატიმროს კარი გაუღეს, თუმცა მალევე, სამმართველოს ეზოდანვე უკან შეაბრუნეს.
საუბარია ირაკლი ტაბატაძეზე, ნიკოლოზ კუტუბიძეზე, ვასილ ელიავაზე, ალექსანდრე გოგოლაძეზე, დიმიტრი ბიძინაშვილზე, გიგი უგულავაზე, ირაკლი წიგნაძესა და ნიკოლოზ ქუმსიაშვილზე.