იაკობაშვილი: "კანონპროექტი ცენზურაა - "ოცნება" ამ შემთხვევაშიც როგორც რეჟიმი ისე მოქმედებს"
"მთავარი არხის" ჟურნალისტი, პაატა იაკობაშვილი ივანიშვილის რეჟიმის მიერ კრიტიკული მედიის დასახრჩობად დაინიცირებულ კანონპროექტს ცენზურის დამყარების მცდელობად აფასებს.
""ოცნება" ამ შემთხვევაშიც მოქმედებს როგორც რეჟიმი" - ამბობს პაატა იაკობაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის მიერ არაერთი რეპრესიული კანონის მიღება საქართველოში რუსული რეჟიმის დამკვიდრებას ემსახურება.
რა თქმა უნდა, ცენზურაა და "ქართული ოცნება" ამ შემთხვევაშიც მოქმედებს როგორც რეჟიმი. მაგალითად, მე "ქართული ოცნების" რომელიმე წევრზე რომ ვთქვა, რომ კრემლის სასარგებლო იდიოტია, მათი დღევანდელი სტანდარტებით ეს არის შეურაცხყოფა და ახალი კანონით შეიძლება დამიჭირონ და ციხეში ჩამსვან.
მნიშვნელობა არ აქვს, რა კანონს შემოიღებს "ქართული ოცნება", ის მაინც რუსული სტანდარტით განსჯის, რუსულ რეფორმებს განახორციელებს იმისათვის, რომ საბოლოდ რუსული რეჟიმი დაამკვიდროს აქ", - ამბობს პაატა იაკობაშვილი.
ცნობისთვის, რეჟიმი აინიცირებს კანონს, რომელიც მამუკა მდინარაძის მტკიცებით, "მედიის ობიექტურობასა და ეთიკის სტანდარტებს" დაადგენს. მისივე ცნობით, კანონით აიკრძალება მედიასაშუალების უცხოური წყაროებიდან დაფინანსება.