გაუგებარია, ივანიშვილი, რომელიც ძალოვან უწყებებს მართავს, რატომ შეიძლება სასამართლოს შენობაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდეს - საია

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ გამართულ სხდომას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად დაესწრო და წინასწარ დამონტაჟებული მონიტორიდან მისცა ჩვენება, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.
საია წერს, რომ ორგანიზაციისთვის გაუგებარია, "მმართველი ძალის ისეთი გავლენიანი წარმომადგენელი, რომელიც რეალურად მართავს ძალოვან უწყებებს, რატომ შეიძლება ვერ გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში".
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების1 სს საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. დახურულ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოწმის სახით დაიკითხა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო სხდომა კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით ნაწილობრივ დაიხურა. დაცვის მხარის პოზიციაზე დაყრდნობით, სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი (ბიძინა ივანიშვილი) გამოკითხვის ოქმები, რის გარშემოც დაზარალებული იკითხება სასამართლოში, არ შეიცავდა რაიმე სახის კომერციულ საიდუმლოებას. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მოცემულ შემთხვევაშიც დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დახურა.
ამასთან, წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა მოწმის დისტანციურად, ტექნიკური საშუალებით გამოყენებით, დაკითხვის შესახებ. საჯარო სხდომაზე გაჟღერებული შუამდგომლობით, პროკურორი ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ბიძინა ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვას ითხოვდა მისი ასაკის, სხდომის სავარაუდო ხანგრძლივობასა და უსაფრთხოების საკითხებზე აპელირებით, თუმცა საჯარო სხდომაზე მისი მიერ არ გაჟღერებულა, რა საფრთხეებთან იყო დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადება. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ სასამართლოში სხვადასხვა სტატუსით არაერთხელ ყოფილან წარმოდგენილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეები, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, თუმცა არც ერთხელ არ გაჟღერებულა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხსენებული პირი გადაადგილდება პირადი დაცვის თანხლებით, მონაწილეობას იღებს არაერთ პარტიულ შეკრებაში, მათ შორის, საჯარო სივრცეშიც, და, როგორც სასამართლო სხდომაზე გაჟღერდა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახითაც გამოიკითხა საქართველოს პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში.
ამასთან გაუგებარია, მმართველი ძალის ისეთი გავლენიანი წარმომადგენელი, რომელიც რეალურად მართავს ძალოვან უწყებებს, რატომ შეიძლება ვერ გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში.
ბრალდების მხარე სასამართლოში გაჟღერებული ორივე შუამდგომლობის დასაბუთებისას უთითებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციაზე, თუმცა ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, შეფასების საგანია, რამდენად მოცემულ შემთხვევასთან შემხებლობაში ხდებოდა მათზე აპელირება. ცხადია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, როგორც საჯარო სხდომის კომერციული საიდუმლოების დაცვის საფუძვლით დახურვის, აგრეთვე მოწმის დისტანციურად ტექნიკური საშუალებებით დაკითხვის წესს. ასევე, მოწმის ასაკსა და დაკითხვის დროზე აპელირებით ბრალდების მხარე ზრუნავდა დაზარალებულისთვის დაკითხვის პროცესში კომფორტული გარემოს შექმნაზე, თუმცა, აქვე ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არაერთი წელია, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში მონიტორინგს უწევს სისხლის სამართლის სხდომებს, ხოლო მონიტორინგის ფარგლებში არ ვყოფილვართ სხდომაზე, სადაც მსგავსი საფუძვლით (ასაკი და დაკითხვის ხანგრძლივობა) ითხოვდა ბრალდების მხარე სხვა მოწმის დისტანციურად ტექნიკური საშუალებებით დაკითხვას.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობის პრობლემურობის და იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, მოცემულ საქმეში შესაძლოა იკვეთებოდეს კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის ნიშნები, რასაც მოქმედი კანონმდებლობა წლებია აღარ ითვალისწინებს, საია გააგრძელებს გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე საჯარო სხდომების მონიტორინგს." - წერია განცხადებაში.
ივანიშვილის გამოკითხვით პროკურატურის მოწმეების სია ამოიწურა - გახმაურებული პროცესი დასკვნით ეტაპზე გადის.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩვენება დახურულ სხდომაზე დისტანციურად, წინასწარ დამონტაჟებული მონიტორიდან მისცა.
- გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.