სკანდალი: "დიდი შავი ჩანთა გადასცა" - მედია უტა ივანიშვილისა და იაპონიაში საქართველოს ელჩის ფარული შეხვედრის შესახებ წერს (ფოტო)

ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას შეხვდა - აუდიენცია 26 იანვარს, ტოკიოს ერთ-ერთი რესტორნის კუთხეში შედგა. ამის შესახებ იაპონური მედიასაშუალება Shūkan Bunshun იუწყება.
გამოცემა ავრცელებს შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალასაც, სადაც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია ივანიშვილის უფროსი შვილის, უტა ივანიშვილის სახე.
Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - "აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება".
- საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, რომ სტატიაში ბიძინა ივანიშვილი "პროპუტინისტ დიქტატორად" არის მოხსენიებული, რომელმაც რუსეთთან კავშირები გააღრმავა, საქართველო პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა და ეკონომიკური სანქციების სამიზნე გახდა.
გამოცემის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა გასულ წელს ტოკიოს ცენტრში შეიძინა დაახლოებით 3.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ელიტარული ბინა კომპლექსში.
“ივანიშვილის ვაჟმა ბინა შეიძინა ივნისში, მაშინ როდესაც საქართველოში დიდი არეულობა იყო. ამას მალევე მოჰყვა აშშ-ის სანქციები დეკემბერში, რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს ტრანზაქცია სანქციების თავიდან აცილების ნაწილი იყო,” – აღნიშნავს ექსპერტი.
სტატიაში ასევე ხაზგასმულია უტა ივანიშვილის მიერ აშშ-ის მხრიდან მამის დასანქცირების შემდეგ იაპონიაში ახალი სააქციო საზოგადოების - ატუ ჰოლდინგის დაარსების შესახებ.
- გამოცემამ შეძლო იაპონიაში უტას ნაცნობთან გასაუბრება, რომელიც Shūkan Bunshun-ს უყვება, რომ ივანიშვილი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭია, მას აინტერსებს ვიდეო თამაშები და უყვარს "მაფიის" თამაში. ასევე, ნაცნობი ამბობს, რომ უტა ხშირად დადის სხვადასხვა ბარებში სოციალურ შეკრებებზე, საკუთარი სოციალური წრის გასაზრდელად იყენებს SNS და გაცნობის აპლიკაციებს და მას სახლში რამდენჯერმე აქვს მოწყობილი წვეულება თავისი რუსი მეგობრებისთვის.
2 თებერვალს Shūkan Bunshun-ის ჟურნალისტმა სცადა თავად უტა ივანიშვილთან გასაუბრებაც. საუბრის ამსახველ ვიდეოში კვლავ დაფარულია უტას სახე. ის ამბობს, რომ ატუ ჰოლდინგსის შესახებ მან არაფერი იცის და ის ტოკიოში ვიდეო თამაშების დიზაინერად მუშაობს ერთ-ერთ პატარა სტარტაპში.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ შესაძლოა, მალე უტა ივანიშვილიც მოექცეს სანქციების ქვეშ.
გამოცემის თარგმანს სტუდია "მონიტორი" ავრცელებს.